სადავო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტ მზია ამაღლობელის პატიმრობის მიზეზს საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ელჩებს აბრალებს – იმის მიუხედავად, რომ გადაწყვეტილება ქართულმა სასამართლო სისტემამ მიიღო, „ქართული ოცნების“ ლიდერები კი სილის გაწვნის გამო ჟურნალისტის დასჯას მიესალმებოდნენ.
„თუკი სადმე ეძებს თუნდაც მზია ამაღლობელი ან მისი გულშემატკივრები დამნაშავეებს, თუ რატომ არის ასეთი სასჯელი, ეს დამნაშავეები ისხდნენ იქ, იმ დარბაზში ელჩების სახით. ელჩები, რომლებიც დარბაზში ისხდნენ და აგულიანებდნენ მზია ამაღლობელს, „არ აღიარო დანაშაული“, „არ ითანამშრომლო გამოძიებასთან“, „არ წახვიდე საპროცესო შეთანხმებაზე“ – ზუსტად იმ ელჩების სინდისზეა, რომ საპროცესო გარიგება არ შედგა, ის რომ ორი წელი სრულად აქვს მოსახდელი… ელჩებმა ის, ფაქტობრივად, ჩიხში მიაყენეს, რომ არ ეღიარებინა საკუთარი დანაშაული“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა, პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა.
მან ჟურნალისტებთან საუბრისას მზია ამაღლობელის მიერ ბათუმის პოლიციის მაღალჩინოსნისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნა შეადარა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისთვის სილის გაწვნას. თუმცა ამ საკითხზე ლაპარაკის დროს მან არ უპასუხა რეპლიკას ჟურნალისტისა, რომელიც შეახსენებდა მას, რომ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება დაწყებული იყო პოლიციელზე თავდასხმის მუხლით, რაც, სულ მცირე, ოთხწლიან პატიმრობას ითვალისწინებდა.
„ზუსტი ანალოგია. სხვაობა რაშია – [საფრანგეთში] 4 თვე საპატიმრო და 14 არასაპატიმრო იმის გამო, რომ ითანამშრომლა, საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, აღიარა, ხოლო საქართველოში არც ითანამშრომლა, არც აღიარა და არც შეთავაზებულ საპროცესო გარიგებაზე წავიდა მზია ამაღლობელი“, – თქვა პაპუაშვილმა.
6 აგვისტოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცხადებული განაჩენით ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ონლაინგამოცემების, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს. მოსამართლემ ჟურნალისტისთვის წაყენებული მძიმე ბრალი შედარებით მსუბუქ მუხლად (353-ე პრიმა მუხლის ნაცვლად, 353-ე მუხლის პირველი ნაწილი) გადააკვალიფიცირა.
სახელაშვილს ამაღლობელის ჯარიმით გათავისუფლება შეეძლო, თუმცა ეს არ გააკეთა.
მზია ამაღლობელი ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, – უკვე 12 იანვარს, – ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, პოლიციელ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, რაც იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებდა. ბრალი, რომელიც მზია ამაღლობელს ჰქონდა წაყენებული, „სამართალდამცავზე თავდასხმა“, თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებდა.
სასამართლო სხდომებზე დადასტურდა, რომ ირაკლი დგებუაძეს მზია ამაღლობელის სილით ტკივილი არ განუცდია – ეს დაადასტურეს როგორც სასამართლო ექსპერტიზამ, ისე ჟურნალისტის ადვოკატების დაკვეთით ჩატარებული კვლევის ავტორებმა.
ფორუმი