პაპუაშვილი: …პირობითად თუ ტელევიზიით გადის რაიმე ფილმი და არის ინტიმური სცენა ამ შინაარსის, ეს სცენა უნდა იყოს შეზღუდული

რუსული კანონის დამტკიცების შემდეგ „ქართული ოცნება” ჰომოფობიურ კანონმდებლობას დაუბრუნდა.

დღეს, 4 ივნისს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დააინიციირა 19 კანონისგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს როგორც „ერთნაირსქესიანთა ქორწინების აკრძალვას”, ისე მაუწყებლების და ხელოვნების ცენზურას და შეკრების თავისუფლების შეზღუდვას.

პაპუაშვილმა თქვა, რომ კანონპროექტით, რომელიც დღეს დარეგისტრირდება:

  • დაუშვებელი იქნება ქორწინების ალტერნატიული კავშირის დარეგისტრირება, თუ ეს არ იქნება კავშირი ქალს და კაცს შორს.
  • ერთნაირსქესიან წყვილებს აეკრძალებათ შვილად აყვანა. შვილად აყვანა აკერძალებათ ადამიანებს, რომლებიც თავის თავს თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებენ ან, მარტოხელა ადამიანის შემთხვევაში, თუ ეს ადამიანი არ არის ჰეტეროსექსუალი.

ამ მუხლებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ისედაც არ იზიარებს. 

ასევე, „ქართული ოცნების”  ინიციატივის თანახმად: 

  • აკრძალული იქნება სქესის შეცვლის მიზნით ოპერაციის ჩატარება ან სხვა სამედიცინო მანიპულაციის გამოყენება.
  • აიკრძალება დოკუმენტებში ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესის მითითება.
  • დაუშვებელი იქნება საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროპაგანდის წარმოება, კერძოდ, ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის სქესისგან განსხვავებულ სქესთან მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.
  • ინფორმაციის გავრცელება: დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ ეთერით ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისკენ მიკითვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.
  • ასევე, აკრძალული იქნება იმავე შინაარსის რეკლამა, რაც მაუწყებლის შემთხვევაში გულისხმობს, რომ აიკრძალება „ასეთი სცენების გაშვება ეთერში”.

პაპუაშვილის თქმით, ეთერში ფილმების გაშვების შემთხვევაში „საქმე ეხება ამგვარი სცენების არგაშვებას”. 

პარლამენტის თავმჯდომარემ დასმული კითხვის პასუხად თქვა, რომ სცენები ამოიჭრება კინოთეატრებშიც.

„რაც შეეხება საგანმანათლებლო სექტორს, აქ საკითხი ეხება პროგრამებში პროპაგანდას. ეს ეხება პოპულარიზაციას, რეკლამირებას, პროპაგანდას, რომ ერთი სქესის წარმომადგენელმა ადამიანმა თავი მიაკუთვნოს საპირისპიროს ან სხვა სქესს. პროპაგანდაა, რომ ერთი სქესის მქონე ადამიანებს ჰქონდეთ ერთმანეთთან ურთიერთობა და ეს არის ინცესტის პროპაგანდა. თუ იქნება ამ სამი საკითხის პოპულარიზაცია და პროპაგანდა, ეს იქნება შეზღუდული საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მაუწყებლებში, ასეთი სახის პროგრამები.

რაც შეეხება მაუწყებლებს და შემოქმედებით პროგრამებს თუ მასალებს, აქ დათქმა არის გაკეთებული სპეციალურად, რომ ეს ეხება იმდენად რამდენადაც შეეხება თავად ინტიმური სცენების არ გაშვებას. არა თემატურად, შინაარსობრივად შეზღუდვას, არამედ თავად სცენების, რაც არის ასევე ჩვეულებრივი პრაქტიკა.

დავაზუსტებ, ეს ეხება მაუწყებლებსა და კინოჩვენებას. არ ეხება სხვა მხრივ კულტურულ ღონისძიებებს. ამ შემთხვევაშიც მაუწყებლებს ეხება იმ ფარგლებში მხოლოდ, რომ პირობითად თუ ტელევიზიით გადის რაიმე ფილმი და არის ინტიმური სცენა ამ შინაარსის, ეს სცენა უნდა იყოს შეზღუდული. ეს შეზღუდვა ეხება კინოთეატრებსაც“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის კანონმდებლობით, „აიკრძალება შეკრება და მანიფესტაციები, თუ ის მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისკენ მიკითვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ”.

ასევე, „ბათილი იქნება შრომითი ურთიერთობების ფარგლებში დაკისრებული ისეთი ვალდებულება, რომელიც მიმართულია ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფისკენ”.

მისივე თქმით, 17 მაისი დაწესდება ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ და უქმედ გამოცხადდება.

შეგახსენებთ, რომ არ არსებობს მეცნიერულად გამყარებული მტკიცებულება, რომ „პროპაგანდა“ ადამიანების სექსუალურ ორიენტაციას ან გენდერულ იდენტობას ცვლის. 

ხოლო შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება არის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება. 

ს თქმით, საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით საგაზაფხულო სესიაზე განიხილება, მეორე და მესამე მოსმენით კი – საშემოდგომო სესიაზე. საგაზაფხულო სესია 28 ივნისს იხურება. კანონის მიღებას უბრალო უმრავლესობა ყოფნის.

ასევე დაგაინტერესებთ