პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, პარლამენტი ვეტოს დაძლევს და პროცედურულად ეს შემდეგ სასესიო კვირაში მოხდება.
“ტექნიკურად წარმოდგენილი არის ეს [ვეტოს] პროექტი. ერთი რამე არის მნიშვნელოვანი. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე უცხოელების ჭარბი ჩარევა გვაჩვენებს, რომ ეს კანონი ყველაზე ქართული კანონია. ამიტომ, რა თქმა უნდა, პარლამენტი ამ ვეტოს დაძლევს, ვინაიდან, ეს აჩვენებს ამ კანონის ქართულობას.
[…]იცით, რომ ვეტო შემოსული არის. დღეს ბიუროს მეშვეობით გადაეცემა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს. კომიტეტი განიხილავს და შემდეგ სასესიო კვირაში [დაიძლევა]” – თქვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს ვეტო 18 მაისს დაადო. ამის შესახებ მან ორბელიანების სასახლეშ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
“დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას, ეწინააღმდეგება ყველა ევროპულ სტანდარტს და ამდენად, წარმოადგენს შეფერხებას ჩვენს ევროპულ გზაზე.
ეს ვეტო არის სრულიად გამართული იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას და ამდენად არის ძალიან მარტივი ვეტო. ეს კანონი უნდა გაუქმდეს”. – თქვა ზურაბიშვილმა.
14 მაისს, რუსულმა რეჟიმმა რუსული კანონი III მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 30 დეპუტატი.