პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიესალმება პარტნიორი ქვეყნების ელჩებისადმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეთავაზებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საჯარო განხილვასთან დაკავშირებით.
„დიპლომატიური საქმიანობისთვის უცნაური მოვლენაა, როდესაც უცხოელი დიპლომატები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური დებატების უშუალო მონაწილედ მიიჩნევენ თავს. როგორც წესი, ასეთ დროს გარე მონაწილეებისთვის შეუძლებელია ხოლმე ცხარე პოლიტიკურ კამათში ობიექტური შეფასებების შენარჩუნება, რაც აჩენს რეპუტაციული ზიანის რისკებს. ჩვენ ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდით მსგავს საკითხებს და მაქსიმალურად ვცდილობდით სამუშაო ფორმატებში აზრთა ურთიერთგაცვლას. თუმცა, პოლიტიკურ პროცესებში დიპლომატების აქტიურობის გამო, მზად ვართ, ჩავერთოთ პრემიერ-მინისტრის მიერ შეთავაზებულ საჯარო დისკუსიაშიც“, — აცხადებს პაპუაშვილი.
პაპუაშვილის თქმით, მზადაა, პრემიერთან ერთად, მოისმინოს დასაბუთებული არგუმენტები მეგობრების მხრიდან, რაც თავისთავად დიდად წაადგება კანონშემოქმედებით პროცესს.
„ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი ქვეყნის მეგობრები საქართველოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ და პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ქვეყნის უსაფრთხოების და სუვერენიტეტის საკითხებს“, — აცხადებს პაპუაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარე, რომელმაც „რუსული კანონის“ საკომიტეტო მოსმენაზე პარლამენტში აკრედიტებული მედია (გარდა ტელევიზიებისა) არ დაუშვა, ამტკიცებს, რომ კანონპროექტის განხილვა გაიმართება „გამჭვირვალედ, ინკლუზიურად და არგუმენტირებულად“.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე აშშ-ის, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს პირდაპირ ეთერში იწვევს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საჯარო განხილვისთვის.