პარლამენტის თავჯდომარე შალვა პაპუაშვილი კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს რუსეთის რბილ ძალას უწოდებს.
მისი მტკიცებით, ნებისმიერი სამოქალაქო დაპირისპირება ოპოზიციისა და “მისი კუთვნილი მედიების” ინტერესებში შედის.
პაპუაშვილის ეს განცხადება მოჰყვა კითხვას, ერევა თუ არა რუსეთი საქართველოში მიმდინარე პროცესებზე.
“რა თქმა უნდა, წლებია ერევა, ერევა იმით, რომ აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები, რაც არის არა მხოლოდ ტერიტორიის ოკუპირება, არამედ ეს არის სამხედრო გარკვეული ზემოქმედება და შანტაჟი დანარჩენ ტერიტორიაზე. ერევა იმით, რომ საქართველოს უწესებდა სანქციებს და ამით ცდილობდა, რომ გავლენა მოეხდინა საქართველოზე და ახლა სამწუხაროა, რომ ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი ეთამაშება ამ აზრებს, რომ რუსული მეთოდებით სანქციებით მოახდინოს გავლენა ქართველ ხალხზე და ეს არის რუსული მეთოდი.
ვნახოთ, ვინ იქნება, ვინმე თუ გადაწყვეტს, რომ რუსული გზით იაროს და ქართველ ხალხს კი არ ესაუბროს, არამედ სანქციებით ეცადოს ქართველ ხალხზე გავლენის მოხდენას და ერევა, რა თქმა უნდა, იმით, რომ სხვადასხვა ჰიბრიდული თუ რბილი ძალის გამოყენებით, ცდილობს საკუთარი დღის წესრიგის გატარებას.
მე თუ მკითხვათ, ყველაზე ძლიერად რუსეთი საქართველოს საკითხებში ერევა ოპოზიციური პარტიებისა და მათი კუთვნილი მედიის საშუალებით. გამოხატება იმაში, რომ ნებისმიერი სამოქალაქო უთანხმოება, დაპირისპირება და პოლარიზაცია აწყობს ზუსტად რუსეთს და ამას აკეთებს ოპოზიცია და მისი კუთვნილი მედია. ასე რომ, გილოცავთ, თქვენ რუსეთის რბილი ძალა ხართ”, – ამბობს პაპუაშვილი.