გუშინ თავს გვაცოდებდნენ „სინდისის პატიმრები“, რომ ვშიმშილობთო და უსინდისო პატიმრები აღმოჩნდნენ: კარგად ჭამენ, კარგად სვამენ, კარგ ხასიათზე არიან – ეს არის სააკაშვილის მორალი, რომელიც ასევე იტყუებოდა, რომ შიმშილობდა, რეკორდები რომ მოხსნა შიმშილობის,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და ვიდეო-კადრებს გამოეხმაურა.
შალვა პაპუაშვილი მოუწოდებს ევროკავშირს, გაასაჯაროოს იმ პირთა სია, ვის გათავისუფლებასაც ითხოვენ და ამბობენ რომ „უსამართლოდ არიან დაკავებულები“.
„გუშინ თავს გვაცოდებდნენ „სინდისის პატიმრები“, რომ ვშიმშილობთო და უსინდისო პატიმრები აღმოჩნდნენ: კარგად ჭამენ, კარგად სვამენ, კარგ ხასიათზე არიან, ჩხუბობენ, საუბრობენ, დისკუსია აქვთ გამართული და გარეთ საზოგადოებას თავს აცოდებენ, ვშიმშილობთო.
მათ შორის იყო რუსეთის მოქალაქე, რომელიც აქ ჩამოვიდა, საქართველოში მივიღეთ როგორც სტუმარი, გაიარა-გამოიარა, მოეწონა ქვეყანა და წავიდა, პოლიციას დაესხა თავს, პოლიციის მანქანა დაამსხვრია. დაიჭირეს, აღიარა და კიდევ იქიდან გონორით გვესაუბრება და პოლიტიკურ ტრაქტატებს აგზავნის რუსეთის მოქალაქე კრიმინალი. თან თავს აცოდებდა, ვშიმშილობო, ხან საბანი არ მაქვსო. ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა. მოშიმშილე ადამიანები ძეხვს ისე მიირთმევდნენ, რომ ანტისანიტარია რა გითხრათ. ეს არის უსინდისობა!
ერთმა დანაშაული ჩაიდინა ქვეყნის წინააღმდეგ, შემდეგ იტყუება, რომ შიმშილობს. ეს არის სააკაშვილის მორალი, რომელიც ასევე იტყუებოდა, რომ შიმშილობდა, რეკორდები რომ მოხსნა შიმშილობის და ამასაც იტყუებოდა. გუშინ ვნახეთ ორი კონკრეტული ადამიანი, ესენი არიან ალბათ იმ სიაში, გუშინ რომ გამოდგა ბატონი კომისარი და გამოუშვით პატიმრებიო. ევროკავშირი რომ ამბობს გაათავისუფლეთ უსამართლოდ დაკავებულებიო, გუშინაც ხომ თქვეს, სია მოგვცენ, სიას რატომ არ გვაძლევენ?! ყოველ ჯერზე ვამბობ, სია გვაჩვენეთ! რატომ არ გვაძლევენ სიას? იმიტომ, რომ კითხვა გაჩნდება, უნდა ჩასვან თუ არა სააკაშვილი შიგნით, ჩასვამენ „ვაია“, არ ჩასვამენ „ვუია“. უნდა ჩასვან თუ არა უჩა აბაშიძე, ჩასვამენ „ვაია“, არა – „ვუია“. უნდა ჩასვან თუ არა ის ადამიანები, რომლებიც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილს ცეცხლს უკიდებენ და პოლიციას ესვრიან. როგორც კი მაგათ ჩასვამენ, ხომ ავიღებთ ამ სიას და ავაფარებთ სახეზე ყველა მათ ელჩს, კომისარს და პარლამენტის წევრსაც. ხომ ავაფარებთ სახეზე იმ დანაშაულებს, რაც სააკაშვილს, უჩა აბაშიძეს აქვთ ჩადენილი, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის მსროლელს აქვს ჩადენილი. სიას იმიტომ არასდროს არ დებენ, რომ იციან რომ კონკრეტულად ვერცერთზე ვერ იტყვიან, ვინმე უსამართლოდ დაკავებულიაო. მათ ჩასვეს ისინი ციხეში და დღეს ცდილობენ პატიმრებით ივაჭრონ. ეს არის ფაქტობრივად პოლიტიკური ტრეფიკინგი, რასაც ბრიუსელის მხრიდან ვაკვირდებით, როდესაც ვაჭრობაა ადამიანების ბედით.
4 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე, ევროკომისიის პრესსპიკერმა თქვა, რომ ის არის სოლიდარული 4 ოქტომბრის დამხობის შეკრების მიმართ, გამოვიდა ხალხი, სცადა დამხობა და არ გამოუვიდათ. საპატიმროში წავიდნენ, იმის გამო, რომ იმ ევროკომისიის პრესსპიკერმა შეაგულიანა ისინი, რომ ევროპა გვერდით გიდგათო. მაია სანდუმ (რომელსაც ახლა ორდენებს აძლევენ) და ბრიუსელმა წაიყვანა ეს ხალხი დანაშაულზე, ჩასვეს ციხეში და ამ ადამიანებით ვაჭრობენ. ეს არის ყველაზე უღირსი, არაევროპული საქციელი, რასაც ბრიუსელის მხრიდან ვაკვირდებით“, – აღნიშნავს პაპუაშვილი.
კითხვაზე, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ პატიმრობაში მყოფ პოლიტიკოსებს, მათ შორის ლევან ხაბეიშვილს ეზღუდება შვილების ნახვის შესაძლებლობა, პაპუაშვილი განმარტავს: „ბატონ ხაბეიშვილს აღნიშნულზე მაშინ უნდა ეფიქრა, როდესაც ხელისუფლების დამხობას ცდილობდა“.
„უნდა ეფიქრა, რომ აღმოჩნდებოდა ციხეში, ციხე გულისხმობს თავისუფლების აღკვეთას და შეზღუდვას. რისი უფლებაც აქვს იმ უფლებას იყენებს, რისი უფლებაც არ აქვს არ იყენებს“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.




