პაპუაშვილი თავს იწონებს კვლევით, რომლის წყაროც TI – საქართველოა

პარლამენტის თავმჯდომარე, , „ღმერთს მადლობას“ უხდის ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებისთვის, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლის მიერ შევსებულ კითხვარს ეყრდნობა.
საუბარია ღია ბიუჯეტის კვლევაზე. 2023 წლის ღია ბიუჯეტის ინდექსში (Open Budget Index 2023) ბიუჯეტის გამჭვირვალობით საქართველო 125 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა. ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით საქართველოს 100 შესაძლოდან 87 ქულა აქვს.
ღია ბიუჯეტის კვლევაში გამჭვირვალობის კრიტერიუმი ფასდება იმით, თუ რამდენად ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის ინფორმაცია იმის შესახებ როგორ აგროვებს და ხარჯავს ცენტრალური ხელისუფლება ბიუჯეტს.
კერძოდ, კვლევაში შეფასება ეფუძნება რვა ძირითადი საბიუჯეტო დოკუმენტის ონლაინ ხელმისაწვდომობას, დროულად და სრულყოფილად გამოქვეყნების ხარისხს. ამ დოკუმენტებს შორისაა: საბიუჯეტო განაცხადი, დამტკიცებული ბიუჯეტი, შუალედური და წლიური ანგარიშები, ასევე აუდიტის ანგარიში.
· ბიუჯეტის გამჭვირვალობა – 87 ქულა (100 ქულიდან)
· ბიუჯეტის ზედამხედველობა – 83 ქულა (100 ქულიდან);
· მოქალაქეთა ჩართულობა – 44 ქულა (100 ქულიდან)
როგორც მეთოდოლოგიაში ვკითხულობთ, კვლევა ეფუძნება კითხვარს, რომელსაც თითოეულ ქვეყანაში დამოუკიდებელი ექსპერტები ავსებენ. საქართველოს შემთხვევაში ეს კითხვარი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელმა ბესო ნამჩავაძე შეავსო.
„პოლიტიკაში რეალობისა და ფანტაზიის გზაგასაყარზე, მადლობა ღმერთს, რომ არსებობს რიცხვების სამყარო და ურყევი ფაქტები. არსებობს ქვასავით უტეხი ფაქტებიც, რომელსაც ბურჯებად ჭეშმარიტება, სტატისტიკა, რიცხვები აქვს შეყენებული, რასაც დეზინფორმაციის ნიაღვრები ასკდება და იფანტება“, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ X-ზე 2023 წლის ღია ბიუჯეტის ინდექსთან დაკავშირებით.
თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე არ ახსენებს იმას, რომ კვლევის შედეგები, რომლითაც ამაყობს, ერთ-ერთი იმ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის პასუხებს ეფუძნება, რომელსაც ამავე პოსტში აკრიტიკებს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოა“ ერთ-ერთი ის ორგანიზაცია, რომელსაც ხელისუფლება არაერთგზის ადანაშაულებს დეზინფორმაციის გავრცელებაში და მათ შორის, რევოლუციური სცენარის მცდელობაშიც კი. გარდა ამისა, სწორედ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოა“ ერთ-ერთი იმ ორგანიზაციებს შორის, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული რუსული კანონის სამიზნეა.
პაპუაშვილის თქმით, ღია ბიუჯეტის კვლევა ადასტურებს, რომ ხელისუფლების ოპონენტები საქართველოს შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, ცხოვრობენ მათსავე შექმნილ „ბაბლში“ (წრეში), სადაც ფაქტებს მნიშვნელობა არ აქვს და მხოლოდ ერთმანეთისთვის გაზიარებული სიცრუე წარმოადგენს რეალობას.
„საბედნიეროდ, ყველაზე მნიშვნელოვანი ხალხი – ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი ამომრჩეველი – რომელიც თავისუფალ არჩევნებში ხმის მიცემით იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, თუ ვინ მართოს ქვეყანა.
ეს ხალხი თავად განსჯის რეალობას, იმის მიხედვით, რასაც საკუთარი თვალით ხედავენ და არა იმის დაჯერებით, რასაც ზოგიერთი გაუმჭვირვალე არასამთავრობო ორგანიზაცია ან გაუმჭვირვალე პოლიტიკოსები ამბობენ“, – წერს პაპუაშვილი X-ზე.
At the intersection of reality and fiction in politics, thank god the world of numbers and hard facts still exists. There are rock-solid facts, buttressed by the truth, statistics, numbers, onto which torrents of disinformation break up. In such a sea of deliberate lies and… pic.twitter.com/qd3VSzu8KY — Shalva Papuashvili 🇬🇪 (@shpapuashvili) May 29, 2024
პარლამენტის თავმჯდომარისგან განსხვავებით, ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბიუჯეტის გამჭვირვალობის შეფასება არასამთავრობო სექტორის მხარდაჭერით ხორციელდება.
„ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის ორგანიზაცია არის დამოუკიდებელი არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც არასამთავრობო სექტორის მხარდაჭერით ახორციელებს გამჭვირვალობის შეფასებას მთელს მსოფლიოში, რომლის ფარგლებშიც ყურადღება ექცევა შემდეგ მიმართულებებს: ბიუჯეტის გამჭვირვალობა, საზოგადოების ჩართულობა და ბიუჯეტის ზედამხედველობა. ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევა ტარდება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ“, – აცხადებს ფინანსთა სამინისტრო.
თავის მხრივ ღია ბიუჯეტის კვლევა ჩატარებულია ევროკომისიის, -ის სახელმწიფო დეპარტამენტის, გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის (FCDO) და UNICEF-ის დაფინანსებით.

ასევე დაგაინტერესებთ