პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს პრეზიდენტზე, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ოფიციალურად მიიწვიეს ამბობს, რომ ის “არ წარმოადგენს საქართველოს” და წარმოდგენილი იქნება, როგორც “კერძო პირი”.
“რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ის იქ მიუნხენში წარმოადგენს მხოლოდ საკუთარ თავს, არ წარმოადგენს იქ საქართველოს, ამიტომ, ეს არის კერძო პირის ყოფნა იქ და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მას არ აინტერესებს საქართველოს კონსტიტუცია, ქართველი ხალხი, მას საქართველო ჰგონია საკუთარი რეზიდენციის უკანა ეზო და სადაც როგორ უნდა ისე მოიქცევა”, – ამბობს პაპუაშვილი.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 16-18 თებერვალს გაიმართება. ლიდერები უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში არსებულ კონფლიქტებსა და კრიზისებზე იმსჯელებენ. კონფერენცია დასრულდება დისკუსიებით ევროპის როლზე მსოფლიოში.
საქართველოს პრეზიდენტმა მიუნხენის კონფერენციიდან ოფიციალური მოწვევა მიიღო. თავდაპირველად, პრეზიდენტის გამგზავრების შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა.
არსებული ინფორმაციით, საქართველოდან კიდევ ერთი დელეგაცია გაემგზავრება საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით. წინა წელს კონფერენციას ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის თქმით, ახალი პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე მიუნხენის კონფერენციაზე არ იქნება წარმოდგენილი. როგორც ცნობილია, კობახიძე პირველ ვიზიტს ბრიუსელში გეგმავს.
სპიკერთა სია ჯერჯერობით მიუნხენის კონფერენციის ვებ-გვერდზე არ დევს, თუმცა ცნობილია, რომ მასში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 50 სახელმწიფო მეთაური, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. მან ამის შესახებ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.