შალვა პაპუაშვილი პოსტში ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ხელისუფლების მთავარი მიზნებია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მოსახლეობის კეთილდღეობა, ამ საკითხებში კი “ილუზიებსა და სენტიმენტებს ადგილი არ აქვს”.
“სახელმწიფო და ხელისუფლება, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს, ვერასოდეს იქნება ქართველი ხალხის მეგობარი – ეს არის ფუნდამენტური ჭეშმარიტება”, – წერს პაპუაშვილი.
ვენესუელა, რუსეთთან, ნიკარაგუასთან, ნაურუსა და სირიასთან ერთად, აღიარებს “აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას”. 2009 წელს უგო ჩავესის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება ამ დრომდე ძალაშია. არც სირიას არ შეუცვლია გადაწყვეტილება, ხელისუფლების შეცვლისა და თბილისის მოწოდებების მიუხედავად.
პაპუაშვილის თანახმად, დაიშალა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული საერთაშორისო წესრიგი და მცირე სახელმწიფოებს ახალი რეალობის პირობებში გადარჩენის საკუთარი გზა სჭირდებათ. მისი თქმით, გლობალური მოვლენები, მათ შორის ვენესუელის მაგალითი, საზოგადოების შიგნით „ნიღბებს ხსნის“ და წარმოაჩენს იმ ჯგუფებს, რომლებიც ხელისუფლებაში გარე ჩარევით მოსვლას ემხრობიან. ამ კონტექსტში, შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო უნდა დარჩეს მშვიდობის პოლიტიკის ერთგული და არ ჩაერთოს უცხო ძალების სცენარებში.
“დღესაც ჩვენი ამოცანა უცვლელია – დიდი ძალების მიერ ატეხილ შტორმში არ დავაზიანოთ სახელმწიფო და უვნებლად მივიყვანოთ უსაფრთხო ნავსაყუდელში”, – წერს პაპუაშვილი.
პოსტში პაპუაშვილი საუბრობს დაკნინებულ როლზე ევროკავშირისა, რომელმაც დაკარგა კრიზისებზე რეაგირების უნარი.
“ევროკავშირი, როგორც საერთაშორისო წესრიგის გარანტი და მსოფლიო გეოპოლიტიკური მოთამაშე აღარ არსებობს და, როგორც ჩანს, ის ასეთად ვეღარასდროს იქცევა. მეტიც, აღმოჩნდა, რომ ბრიუსელი, როცა დასჭირდება, მსოფლიო წესრიგის რღვევით სარგებლის მიღებას და მის სათავისოდ გამოყენებასაც არ მოერიდება. ბრიუსელის მხრიდან საქართველოს მიმართ საერთაშორისო სამართლის დარღვევით მოქმედებაც ამის კარგი დასტურია”, – წერს პაპუაშვილი.
შალვა პაპუაშვილის პოსტს ასევე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიის, “ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი. მისი სიტყვებით, “ივანიშვილის პროვინციული ავტოკრატიის მსახურებს ტრამპზე რამის თქმა ეშინიათ – ვენესუელაში სპეცოპერაცია ჩაატარა ტრამპმა, მადუროს ასამართლებენ ნიუ-იორკში, პაპუაშვილი კი ისევ ბრიუსელს აგინებს”.
“საერთაშორისო ქარტეხილებში გადარჩება ის, ვისაც ძლიერი მოკავშირე ეყოლება. ევროკავშირში გაწევრიანების გზამ შანსი მოგვცა, პირველი რესპუბლიკის ბედი არ გავიზიაროთ, მარტო აღარ ვიყოთ გადარჩენისთვის ბრძოლაში.
ეს შანსი ააღლიტა ჩვენს ხალხს ივანიშვილმა. ახლა გიმტკიცებენ, რომ თურმე საერთაშორისო იზოლაციაში დარჩენილი, უმეგობრო და უმოკავშირეო საქართველო, ივანიშვილის ბრძნული საგარეო პოლიტიკის შედეგი და გადარჩენის ფორმულაა”, – წერს სალომე სამადაშვილი.
ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებს 4 იანვარს პლატფორმა X-ზე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. პოსტში ნათქვამი იყო, რომ საქართველო ყურადღებით ადევნებს თვალს რაც ვენესუელაში ხდება, იმ იმედით, რომ „შემდგომი პროცესები ვენესუელის ხალხის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად განვითარდება“.
„იმის გათვალისწინებით, რომ ვენესუელის ხელისუფლებამ საქართველოს ოკუპირებული რეგიონები, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, რაც საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა, გამოვთქვამთ იმედს, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ამ უკანონო გადაწყვეტილების გაუქმებას გამოიწვევს, საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპების შესაბამისად“, – ნათქვამია საგარეო უწყების გამოხმაურებაში.
3 იანვარს ამერიკელმა სპეცრაზმელებმა ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში ოპერაცია ჩაატარეს (Operation Absolute Resolve) და დააკავეს ქვეყნის მეთაური ნიკოლას მადურო და მისი ცოლი სილია ფლორესი. ამერიკელმა სამხედროებმა ვენესუელაში რამდენიმე სამხედრო ობიექტსაც დაარტყეს. ვენესუელის ხელისუფლების თანახმად, დარტყმა იყო სამოქალაქო ობიექტებზეც. სხვადასხვა წყაროს ცნობით, დაიღუპა რამდენიმე ათეული ადამიანი. მადურო და ფლორესი, რომლებსაც აშშ ნარკოტიკებით ვაჭრობაში ადანაშაულებს, ნიუ-იორკის იზოლატორში გადაიყვანეს. 5 იანვარს მადურო წარდგა აშშ-ის მართლმსაჯულების წინაშე.
5 იანვარს ნიუ-იორკში, მანჰეტენის სასამართლოში, ნიკოლას მადურომ თავი უდანაშაულოდ გამოაცხადა.
აშშ-ის მიერ ვენესუელის მეთაურის, ნიკოლას მადუროსა და მისი ცოლის დაკავების შემდეგ, ამ ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი დელსი როდრიგესი ასრულებს. მან ფიცი 5 იანვარს დადო. ვენესუელის კონსტიტუციით, დროებითმა მმართველმა ახალი არჩევნები 30 დღის განმავლობაში უნდა დანიშნოს.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თანახმად, მზად არიან ვენესუელაში ისევ ჩაატარონ სამხედრო ოპერაცია, თუ ამ ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დელსი როდრიგესი შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობას შეწყვეტს.
როდრიგესმა პრეზიდენტის ფიცის დადებამდე ერთი დღით ადრე, 4 იანვარს განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობას იწვევენ თანამშრომლობისთვის დღის წესრიგით, რომელიც ორიენტირებული იქნება ერთობლივ განვითარებაზე საერთაშორისო სამართლის ფარგლებში.




