ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი ლევან მახაშვილი დანიაში, EU-ის წევრი და კანდიდატი ქვეყნების ევროპულ საქმეთა კომიტეტების ერთობლივ სესიაზე არ მიიწვიეს.
შალვა პაპუაშვილის თქმით, დანიამ ეს გადაწყვეტილება ქართული ოცნების მიერ ევროინტეგრაციის შეჩერებით ახნსა, ამის პასუხად კი, შალვა პაპუაშვილმა დანიას წერილი გაუგზავნა, რომელშიც ის ირწმუნება, რომ ეს დეზინფორმაციაა.
“დანიის პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტიდან გარკვეული პერიოდის წინ მივიღეთ წერილი, რომ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი არ იქნება მიწვეული ე.წ. კოზაკის ფორმატზე, დანიაში, რაც გულისხმობს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ევროპულ საქმეთა კომიტეტების და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების ევროსაქმეთა კომიტეტების ერთობლივ სესიას.
მე დღეს, პრინციპში, გავასაჯაროებ წერილსაც და ჩემს პასუხსაც ამ წერილთან დაკავშირებით – მე პასუხი მივწერე დანიის პარლამენტის თავმჯდომარეს, კიდევ ერთხელ მოვახსენე, რომ, რა თქმა უნდა, ეს არის დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ, მთავრობამ შეაჩერა ევროპული ინტეგრაცია და მეტიც, ეს არის კოზაკის წესების დარღვევა და მივუთითე პირდაპირ წესდების მუხლები, რომლებიც უფლებას აძლევს კანდიდატ ქვეყნებს, მონაწილეობა მიიღოს ამ ფორმატში.
არანაირი უფლება არ აქვს მიცემული არავის, რომ შეზღუდოს ეს მონაწილეობა. დანიის ხელისუფლება არღვევს პროცედურებს და ნორმებს, რომლებიც შეთანხმებულია”, – ამბობს შალვა პაპუაშვილი.
4 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ დანია, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, სექტემბერში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინსტრთა შეხვედრაზე საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსით არ მოიწვევს.
