პაპუაშვილი: გვინდოდა კეთილდღეობის ევროპა, შევუკვეთეთ და ჩამოგვივიდა ექსტრემიზმი და ძალადობა

ჩვენ გვინდოდა მშვიდობა, განვითარება და კეთილდღეობის ევროპა, შევუკვეთეთ კეთილდღეობა, ჩამოგვივიდა ექსტრემიზმი და ძალადობა, – ამის შესახებ “ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის ეთერში განაცხადა.
„თავის დროზე, როცა პოლიციელზე თავდამსხმელი ამაღლობელის მხარდაჭერა იყო, ვთქვი, რომ ეს ხელს შეუწყობს მეტ ძალადობას. გავიდა რამდენიმე დღე და მეორე ადამიანი რუსთაველზე, პარლამენტთან მივიდა პოლიციელთან და დაარტყა პოლიციელს, მათ შორის გაამართლა ამით. ზუსტად იმიტომ გააკეთა, რომ არავინ არ გაკიცხა მისი ქმედება. ეს ნათქვამი მაქვს მათ შორის უცხოელი ზოგიერთი ელჩისთვის, რომ მათი დუმილით ისინი ახალისებენ ძალადობას და ექსტრემიზმს. ადრე გერმანიის ელჩმა თქვა, ემპათიის გამო მივედი მოშიმშილე ექსტრემისტ ხოშტარიასთანო. ხომ ემპათიის საკითხია, საქართველოს პრეზიდენტს მათ გადასცეს თავისი რწმუნებათა სიგელი და საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო მათი სიგელი, ეს სიმბოლური აქტი იმ სასახლეში შედგა, ამ სასახლეს თავს დაესხნენ მოძალადეები, რა პრობლემაა, თქვან რამდენიმე სიტყვა – მიუღებელია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი თავდასხმა, ექვსი სიტყვა რომ თქვან, რა უღირთ. რატომ არ ამბობენ ამას? იმიტომ, რომ ამით ეს არის ირიბი გზავნილი, თქვენი ქცევა სწორია, თქვენ გაქვთ მდუმარე თანხმობა, თქვენ მიდით, თქვენ ხართ ნამდვილი, ჭეშმარიტი ევროპელები, ეს არის ევროპა – მსხვრევა, მტვრევა. სინამდვილეში, რაღაც ნაწილში მართლაც ევროპა გვაჩვენებს, ოღონდ ის ევროპა არა, რომელიც ჩვენ შევუკვეთეთ. ჩვენ გვინდოდა მშვიდობა, განვითარება და კეთილდღეობის ევროპა, ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ იმპორტი მოდის პარიზში ძალადობის და ნგრევის, ამსტერდამში ვიტრინების ნგრევის და ბერლინში ნგრევის ევროპა შემოიტანეს საქართველოში ამის ნაცვლად. ეს ევროპა არ შეგვიკვეთია. შევუკვეთეთ კეთილდღეობა, ჩამოგვივიდა ექსტრემიზმი და ძალადობა. ნურავის იმედი ნუ აქვს, რომ რუსული დეზინფორმაცია და ამ სისულელეთი გააჩუმებს საქართველოს ხელისუფლებას. მივყვებით ბოლომდე, ვიდრე არ მოვისმენთ განმარტებებს, უპირველეს ყოვლისა, დაგმობას საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმისა. ამას გავყვებით ბოლომდე. ყველა უცხოელმა საკუთარ, ასე ვთქვათ, ბარიერს უნდა გადალახოს და ერთხელ მაინც საქართველოში ძალადობა დაგმონ. ერთხელ მაინც დაგმონ მათი მოფერებული ხალხისგან ჩადენილი ძალადობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.