საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის დანიშვნა მისი უფლებაა. მან პარლამენტში ჟურნალისტებთან კომენტარში თქვა, რომ გიორგი კეკელიძის კონსტანტინე გამსახურდიათი შეცვლა “ეს არის საკადრო გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვანია ეროვნული ბიბლიოთეკის შემდგომი განვითარებისთვის”.
“ეროვნული ბიბლიოთეკა არაფერ შუაშია პოლიტიკასთან და არც უნდა იყოს. ამიტომ ეს მცდელობები, რომ ეროვნული ბიბლიოთეკა დააკავშირონ პოლიტიკასთან, თავის მხრივ, აჩვენებს იმ ადამიანების არაკეთილსინდისიერებას, რომელიც ასე დაკავშირებას ცდილობენ. ეროვნული ბიბლიოთეკა არის ჩვენი საერთო, ქართველი ხალხის მემკვიდრეობა და მომავალი ერთ ორგანიზაციაში…
საკადრო გადაწყვეტილებები, რომელიც ეხება ორგანიზაციის ხელმძღვანელობას, რომელიც არის სრული დისკრეცია პარლამენტის თავმჯდომარის, მიიღება ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე, უპირველეს ყოვლისა თავად ეროვნული ბიბლიოთეკის განვითარების მიზნებიდან გამომდინარე”, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით გიორგი კეკელიძეს გუშინ, 11 იანვარს, ესაუბრა:
“რა თქმა უნდა, მადლობელი ვარ გიორგი კეკელიძის ყველა იმ კარგი საქმისთვის, რომელიც მან თავის კოლექტივთან ერთად გააკეთა… დამატებით კომენტარს და განმარტებას ამ საკითხთან დაკავშირებით არ ვაპირებ, ვინაიდან საქმე ეხება საკადრო გადაწყვეტილებას, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის მისაღებია”.
პაპუაშვილი ამბობს, რომ კონსტანტინე გამსახურდიას თანამდებობაზე ოფიციალურად რამდენიმე დღეში დაამტკიცებენ.
“ვფიქრობ, რომ კონსტანტინე გამსახურდია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის შემდგომ განვითარებაში, ყველა ორგანიზაციას სჭირდება ახალი ენერგია და სწორედ ამ ახალი ენერგიით გააგრძელებს ეროვნული ბიბლიოთეკა მუშაობს. მე მგონია, არ სჭირდება ახსნა კონსტანტინე გამსახურდია რამდენად შეეფერება იმ თანამდებობას, რომელიც არის საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობა. ვფიქრობ, საზოგადოებაში ამ მხრივ კითხვები არ არსებობს”, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.
გუშინ, 11 იანვარს, ეროვნული ბიბლიოთეკის მოქმედმა გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ფეისბუკში დაწერა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე თანამდებობის დატოვებაზე ესაუბრა. მოგვიანებით კი, კონსტანტინე გამსახურდიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამ თანამდებობის დასაკავებლად შეთავაზება მიიღო და დათანხმდა.
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოს პარლამენტის დაქვემდებარებაშია.
“საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა არის საქართველოს ძირითადი სამეცნიერო ბიბლიოთეკა, რომელშიც დაცულია საქართველოს ბეჭდვითი გამოცემები, უცხო სახელმწიფოების სამეცნიერო და უნივერსალური ხასიათის უმნიშვნელოვანესი ბეჭდვითი გამოცემები და სხვა დოკუმენტები, ეროვნული ბიბლიოგრაფიის, ინფორმაციის, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების, ბიბლიოთეკების მეთოდური საქმიანობის და კულტურის ცენტრი, აგრეთვე ამ სამუშაოების კოორდინატორი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად. განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გამო ეროვნული ბიბლიოთეკა ექვემდებარება საქართველოს პარლამენტს”, – წერია ბიბლიოთეკის ვებგვერდზე.
1846 წელს თბილისში, მთავარმართებლის კანცელარიის ბიბლიოთეკის ბაზაზე, დაარსდა “ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკა”. გიორგი კეკელიძე ეროვნული ბიბლიოთეკის 24-ე გენერალურ დირექტორად 2012 წელს დაინიშნა.