სადავო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „არამეგობრულს“ უწოდებს დიდი ბრიტანეთის საელჩოს იმ განცხადებას, რომელიც შეშფოთებას გამოხატავდა შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების დაყადაღების გამო.
„ტრადიციულად, საელჩომ, ქართული საზოგადოების კითხვები და წუხილები უპასუხოდ დატოვა. სანაცვლოდ კი, ქართველი ხალხის მიმართ, მორიგი არამეგობრული განცხადება მივიღეთ“, – წერს შალვა პაპუაშვილის თავის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე.
სადავო პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც ამავდროულად არის მმართველია პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, დიდი ბრიტანეთის საელჩოს დისკრედიტაცია კიდევ ერთხელ სცადა იმ საგრანტო კონკურსის გამო, რომლის გამარჯვებულიც რამდენიმე სამოქალაქო ორგანიზაცია და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიასაშუალება უნდა გამხადარიყო. საგრანტო კონკურსი გაუქმდა, რადგან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ახალი კანონზე დაყრდნობით, რომელიც დაჩქარებული წესით მიიღო, არ გასცა ნებართვა.
„რა თქმა უნდა, ამან საზოგადოებაში გააჩინა ლეგიტიმური ეჭვი, რომ საელჩოს მიზანი, შესაძლოა, არა თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებაში ხელის შეწყობა, არამედ არჩევნების საბოტაჟის მიზნის მქონე პირების ფინანსური გაძლიერება ყოფილიყო“, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
გრანტის კონკურსის შესახებ
11 ივნისს, ბრიტანეთის საელჩომ განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო იძულებული გახდა, „გრანტების კანონში“ ცვლილებების შედეგად გაეუქმებინა დაგეგმილი საგრანტო წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავდა საარჩევნოდ გამჭვირვალობის ხელშეწყობას.
მოგვიანებით ინტერნეტგამოცემა „ტაბულამ“ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება მას შეეხო – „ტაბულამ“ მოიგო გრანტი 50 000 გირვანქა სტერლინგის ოდენობით, რომელიც „უნდა მოხმარებოდა თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ქართული საზოგადოების ინფორმირებას“.
იმავე დღეს პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია საელჩოს სხვა ბენეფიციარებთან დაკავშირებით. კერძოდ, „იმედის“ თანახმად, „ტაბულას“ გარდა, იგეგმებოდა შემდეგი ორგანიზაციების დაფინანსება:
· „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ – 99 988 გირვანქა სტერლინგი
· „კანონის უზენაესობის ცენტრი“ – 97 868 გირვანქა სტერლინგი
· „საქართველოს მომავლის აკადემია“ – 99 975 გირვანქა სტერლინგი.
„ბრიტანეთის საელჩო აპირებდა პროპაგანდის და რადიკალიზმის დაფინანსებას და მიიღო გადაწყვეტილება, რადგან ახლა თანხმობა სჭირდებოდა“, – განაცხადა სადავო პარლამენტის სპიკერმა, შალვა პაპუაშვილმა 12 ივნისს.
საპასუხოდ ბრიტანეთის საელჩო 18 ივნისის განცხადებაში წერდა: „საქართველოს მთავრობა თავად უჭერდა მხარს ამ საქმიანობას და ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით ამ საქმიანობის აღწერას, როგორც „პროპაგანდისა და ექსტრემიზმის“ დაფინანსებას“.
„ეს არ შეესაბამება სიმართლეს. საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მონიტორინგს, რაც პროფესიონალური და გამჭვირვალე საარჩევნო ზედამხედველობის მნიშვნელოვანი ნაწილია“, – წერდა საელჩო.
ბრიტანეთის საელჩო ახსენებდა 2019 წელს საქართველოსა და ბრიტანეთის მთავრობის მიერ ხელმოწერილ სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებასა და შეთანხმების მე-4 მუხლს, რომელიც, საელჩოს თანახმად, ავალდებულებს მხარეებს:
„ითანამშრომლონ დემოკრატიული ინსტიტუტების სტაბილურობისა და ეფექტიანობის გასაძლიერებლად, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის უზრუნველსაყოფად, სასამართლო რეფორმის ხელშეწყობისთვის“.
„სწორედ ამის საფუძველზე დიდი ბრიტანეთი ბევრი წელია მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში“, – განმარტადა საელჩო.
ფორუმი
