პაპუაშვილის მტკიცებით, საფრანგეთის ელჩის განცხადება დაფინანსების შეწყვეტაზე “არაა სიმართლე”

პარლამენტის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ ელჩის განცხადება საფრანგეთიდან საქართველოს ბიუჯეტში პირდაპირი დახმარების დროებით შეჩერების შესახებ “სიმართლეს არ შეესაბამება”.
“არ შეესაბამება სიმართლეს. არანაირი თანხა საქართველოს ბიუჯეტში საფრანგეთის ბიუჯეტიდან არ შედის. პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსება საფრანგეთიდან არ არსებობს, ამიტომ ცოტა გაუგებარია…
საქართველოს მოსახლეობა დაინტერესდა რა თანხა შემოდის გრანტების სახით საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან თუ ფინეთიდან, რომელი ქვეყანაც არ უნდა იყოს, ამით დაინტერესდა და ამ ინტერესმა გამოიწვია ეს რეაქცია – რომ აჰა, დაინტერესდით? თუ გინდათ ჩვენი გამჭვირვალობა, მაშინ საერთოდ აღარ ჩავრიცხავთ ფულს” – თქვა პაპუაშვილმა.
11 ივლისს ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთი საქართველოს ბიუჯეტში პირდაპირ დახმარებას დროებით აჩერებს. ეს საფრანგეთის ელჩმა შერაზ გასრიმ თქვა.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი გაყინა. გარდა ამისა, გერმანიის ელჩმა საქართველოში, პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ გერმანია საქართველოსთან მიმართებაში დამატებთ ფინანსურ ვალდებულებებს აღარ აიღებს.
ყველა ეს გადაწყვეტილება კი ელჩებმა რუსულ კანონსა და დემოკრატიის კუთხით მთავრობის უკუსვლას დაუკავშირეს.