პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ რუსულ კანონში შეტანილი ცვლილებების მიუხედავად, კანონი ფიზიკურ პირებს არ ეხება. მისივე თქმით, საუბარია მხოლოდ ინფორმაციის მოპოვების დროს ფიზიკური პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე.
“ეძებთ რაღაც სკანდალს. ტექნიკური საკითხია აბსოლუტურად, რომელიც საერთოდ არ ეხება რეგისტრაციას, ეხება როდესაც ინფორმაციის მოპოვება არის საჭირო, ინფორმაცია არის ხან იურიდიულ პირთან, ხან ფიზიკურ პირთან. აღმოჩნდა, რომ არ იცით, რას ნიშნავს სიტყვა ეხება”, – ამბობს პაპუაშვილი ჟურნალისტებთან.
როდესაც პაპუაშვილს ჰკითხეს, როდის გაჩნდა აღნიშნული ჩანაწერი კანონპროექტში, მან უპასუხა, რომ განხილვა მეორე მოსმენაზე მოხდა, ხოლო ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები მან უყურადღებობაში დაადანაშაულა.
რუსული კანონის მიღებული ვერსიის თანახმად, იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება ინფორმაციის წარუდგენლობისთვის ყველა პირი, მათ შორის ფიზიკური პირი 5000 ლარით დააჯარიმოს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში იურისტი საბა ბრაჭველი წერს.
აღნიშნული შესწორება კანონპროექტის მესამე მოსმენისთვის გაჩნდა. აქამდე ქართული ოცნება ამტკიცებდა, რომ რუსული კანონი ფიზიკურ პირებს არ შეეხებოდა.
მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების და პარტნიორების კრიტიკისა და გაფრთხილებების მიუხედავად ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი 14 მაისს მიიღო. აღნიშნული კანონით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ცხადდება ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომლის დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური წყარო წარმოადგენს.