პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ერთა ლიგის ფინალში გამარჯვების აღსანიშნავ ღონისძიებაზე პრემიერ ირაკლი კობახიძის გამოსვლისას საპროტესტო შეძახილები ორგანიზაცია შეცვალემ წამოიწყო, პაპუაშვილმა მათ “მორალისგან დაცლილი, სულით ბოროტი” ადამიანები უწოდა.
“ქართველი ხალხი ასეთი არ ვართ. ის რაც კონკრეტულმა ჯგუფმა ჩაიდინა არ არის ქართული საქციელი. თავადვე გამოფინეს შემდეგ ის ვიდეოები. ორგანიზაცია შეცვალე – რომელიც არ ვიცი ვისგან ფინანსდება იმიტომ, რომ, როგორც იცით, უცხოური დაფინანსებები გაუმჭვირვალე არის ჩვენს ქვეყანაში – ნიკა გვარამიას პარტიის წევრები არიან.
ქართველები ასე არ იქცევიან. ქართველები როგორც იქცევიან ეს გამოჩნდა 26-ში სტადიონზე, სადაც 50 000 ადამიანი ერთად აღნიშნავდა ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას. […] ზუსტად ეს ხალხი, ნაციონალური მოძრაობის თაობა თუ გუნდი, არის, ვისაც უნდა, რომ ხალხს ჩააშხამოს ეს დღესასწაული. ჩვენ გუშინ სამწუხაროდ, ვნახეთ [როდესაც რესპუბლიკის მოედანზე გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, ირაკლი კობახიძის სცენაზე გამოსვლა შეძახილებით გააპროტესტეს] როგორი დაცლილია ეს ჯგუფი მორალისგან, როგორი ბოროტი უნდა იყო სულით ადამიანი, რომ ეს დაგეგმო, განახორციელო და შემდეგ თავი მოიწონო.” – თქვა პაპუაშვილმა
პარლამენტის თავმჯდომარის მტკიცებით, ეს აჩვენებს სინამდვილეში რატომ უნდოდა ზოგიერთ ჯგუფს, რომ ნიკა გვარამია და მელია ყოფილიყვნენ ციხის გარეთ.
“შეიძლება, ვიღაც მოგწონდეს, გძულდეს, მაგრამ არსებობს მომენტები, როცა ადამიანმა რაღაცები არ უნდა იკადრო. როცა ამას კადრულობ, მაშინ ხარ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი.” – თქვა პაპუაშვილმა.
26 მარტს, ერთა ლიგის ფინალში საქართველოს ნაკრების გამარჯვების აღსანიშნავ ღონისძიებაზე ხალხს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ სიტყვით მიმართა, რაც მაყურებელმა შეძახილებით გააპროტესტა.