პაპუაშვილის თქმით, ვიდეოგადაღების აკრძალვა იყო პარლამენტის პასუხი იმაზე, რაც სასამართლოში ხდება

სადავო პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ სასამართლოს დარბაზებში, დერეფნებსა და ეზოებში ვიდეოგადაღების აკრძალვა არის საკანონმდებლო ორგანოს პასუხი „ისტერიაზე“, რომელიც ხდებოდა იქ. იმის მიუხედავად, რომ სხდომებზე ფოტო-ვიდეო გადაღება აიკრძალა, იგი ამბობს, რომ „საჯაროობის პრობლემა არ დგას“ და „გაშუქებას პრობლემა არ აქვს“.
„სწორი გადაწყვეტილება იყო, რა თქმა უნდა, არანაირი პრობლემა არ აქვს საჯაროობას. ვისაც აქვს სურვილი, შეუძლია დაესწროს სხდომებს. მათ შორის ჟურნალისტებიც ესწრებიან, არანაირი პრობლემა არ აქვს გაშუქებას – ეს ამბავი გამოაქვთ და ლამის ყოველწუთიერი ინფორმაციაა. სასამართლო მიმდინარეობს მშვიდ გარემოში.
საერთო ჯამში მოგებულია ჩვენი საზოგადოება და სამართლიანი სასამართლო პრინციპი“, – თქვა პაპუაშვილმა.
მან სასამართლოში ვიდეოგადაღების აკრძალვის შესახებ დასმული კითხვა გამოიყენა საელჩოებისა და დონორი ორგანიზაციების ნეგატიურად წარმოსაჩენად:
„ეს იყო საკანონმდებლო ორგანოს რეაქცია იმ ყველაფერზე, რასაც ვხედავდით – ზოგიერთი საელჩოსა და დონორის მხრიდან გარედან წახალისებულ ქცევას, რომ სასამართლო დარბაზებში ყოფილიყო ისტერია. ეს, პირველ რიგში, აზიანებს თავად პროცესს, რადგან სამართლიანი სასამართლო ვერ განხორციელდება ისტერიის პირობებში“.
გასულ კვირას „ქართულმა ოცნებამ“ სადავო პარლამენტში მიიღო კანონი, რომლითაც მედიას სასამართლოს ეზოში, დერეფნებსა და სხდომათა დარბაზებში ფოტო-ვიდეო გადაღება აუკრძალა. კანონის მიხედვით, გადაღებაზე სპეციალურ ნებართვას გასცემს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, თუმცა მსგავსი უფლება ჯერ ვერცერთმა მედიამ ვერ მიიღო.
„ქართული ოცნების“ ეს გადაწყვეტილება დროში ემთხვევა პროევროპულ აქციებზე დაკავებული ათობით დემონსტრანტის განაჩენების გამოცხადების თარიღების მოახლოებას.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ლომჯარია: წინასაარჩევნო პერიოდში კანდიდატის პლაკატის დაზიანების საკითხზე პასუხისმგებლობას არეგულირებს საარჩევნო კოდექსი (არა სისხლის კოდექსი) და მისთვის გათვალისწინებულია 1000 ლარიანი ჯარიმა

ჯო უილსონი – „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო ავტორიტარული კონტროლის ლაბორატორიად აქცია – განვიხილავთ, რა ინსტრუმენტები აქვს აშშ-ს საპასუხოდ, რათა პასუხი აგებინოს, ამავდროულად მყარად დაუდგეს გვერდით ქართველ ხალხს