„პანიკა შეიძლება იყო ერთი დღით, ერთი კვირით, მაგრამ გაუფასურების ტენდენცია 1 თვეა გრძელდება“- იმპორტიორთა ნეგატიური მოლოდინი და სებ-ის განმარტება

ეროვნული ვალუტა ყოველდღიურად უფასურდება. სების მიერ დადგენილი ოფიციალური კურსით 1 დოლარის ფასი უკვე 2.8646 ლარს აღწევს.
როგორ უყურებენ არსებულ ვითარებას ის სექტორები, რომლებიც ყველაზე მეტად არიან დამოკიდებული იმპორტზე და შესაბამისად უცხოურ ვალუტაზე. „კომერსანტმა“ ლარის კურსის მკვეთრი ვარდნის მიზეზებზე, ბიზნესის განწყობასა და ინფლაციურ მოლოდინებზე დისტრიბუტორთა ასოციაციისა და ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის პოზიციები მოისმინა.

დისტრიბუტორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის ივა ჭყონიას თქმით, პოლიტიკური პროცესიდან გამომდინარე ნეგატიური განწყობებია ბიზნესში, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე პარტნიორებშიც. რაც შეეხება ლარის გაუფასურებას, მისი შეფასებით, ეს პროცესი ფასებზე მყისიერად არ აისახება, თუმცა გრძელვადიან პერიოდში ფასებში სხვაობა მატების კუთხით, აუცილებლად იქნება.
„იმ პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რაც დღეს ქვეყანაშია, მოგატყუებთ, რომ გითხრათ თითქოს ბიზნესის განწყობა დადებითია. არა მხოლოდ ადგილობრივი იმპორტიორების, არამედ უცხოური კომპანიების განწყობებზეც, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ, სანქციების მოლოდინი, რა თქმა უნდა, ნეგატიურად აისახება.
ჩვენ ვხედავთ, რომ ნებისმიერ ნეგატიურ განცხადებას, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან მთავრობის მისამართით წამოვიდა, მოჰყვა ლარის გაუფასურება და ეროვნულმა ბანკმა თითქმის 200 მლნ დოლარამდე ტრანში განახორციელა, თუმცა ლარის ძველ კურსზე დაბრუნება ვერ შეძლო. კვლავ ნარჩუნდება დოლარის მიმართ გაუფასურების ტენდენცია და რა თქმა უნდა, ევროსაც უნდა შევეხოთ, რომელიც კრიტიკულ ნიშნულს გასცდა უკვე.
რაც შეეხება ფასებს, თუ ვინმე ფიქრობს, რომ დღეს პროდუქტები არ გაძვირებულა და კარგადაა ყველაფერი, ცდებიან. ასე იყო წინათაც, როცა ვამბობდი, რომ არ ეგონოთ, რომ ამას მყისიერი ეფექტი ექნება მეთქი. ლარის გაუფასურება ფასებზე მყისიერად მოქმედებს და ამას გარკვეული პერიოდი სჭირდება, შესაბამისად, ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ფასებზე აუცილებლად ისახება. მით უმეტეს, რომ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვართ აბსოლუტურად ყველა კონტექსტში და მწარმოებლებიც თავიდან ბოლომდე იმპორტირებულ ნედლეულზე არიან დამოკიდებული. ვაჭრობის მთავარი ვალუტა არის დოლარი და ევრო, ამიტომ, ივლისსა და აგვისტოში შესაძლოა ინფლაციის მაჩვენებელი არ იყოს მაღალი, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, სექტემბერ-ოქტომბერი საკმაოდ ნეგატიური იქნება.
პირველადი მოხმარების საქონელზე უფრო სწრაფად ხდება ხოლმე კურსის გაუფასურების ასახვა და შეიძლება ახლაც არის, უბრალოდ არა დიდი სხვაობით. დაახლოებით 2 თვე სჭირდება ხოლმე იმას, რომ ლარის გაუფასურების ტენდენციის შედეგები ფასებში ვიხილოთ“, – აღნიშნა ივა ჭყონიამ.
როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში ეკონომიკური პროცესების დასტაბილურება, მთლიანად პოლიტიკურ ვითარებაზეა დამოკიდებული და თუ ეს მდგომარეობა არ შეიცვლება, სექტემბერ-ოქტომბერი კიდევ უფრო რთული იქნება. მისი თქმით, არასერიოზულია ეროვნული ბანკის პოზიცია, თითქოს ლარის კურსის რყევები ფუნდამენტური ფაქტორებისგან არ არის გამოწვეული, მაშინ, როცა მთავარი ფაქტორი, ქვეყნის პოლიტიკური კურსის ცვლილებაა.
„ასევე ნეგატივია ტურიზმშიც, სადაც საკმაოდ ბევრი ჯავშანია გაუქმებული. ძალიან ბევრი ნეგატიური ფაქტორია ზოგადად, რაც მოჰყვა კანონპროექტის გარშემო მღელვარებას. ამიტომ მთავარი ფაქტორი არის პოლიტიკური სტაბილურობა და ჩვენს ყველაზე კარგ პარტნიორებთან თანამშრომლობა და არა მათთვის ზურგის შექცევა. გარდა ამისა, წელს არის არჩევნები და საარჩევნო წელი ზოგადად რთულია ხოლმე, რადგან ყველა მოლოდინის რეჟიმშია. წელს კი განსაკუთრებული მდგომარეობაა, რადგან, რასაც ათწლეულები ველოდით, ევროკავშირში გაწევრიანებას, ახლა ისეთ განცხადებებს აკეთებენ ხელისუფლების წევრები, არათუ ევროკავშირის წევრები გავხდებით, არამედ ვშორდებით ცივილიზებულ სამყაროს. და ცივილიზებულ სამყაროს საბოლოოდ დავშორდებით, თუ მოხდება ხელისუფლების წევრების დასანქცირება“, – განაცხადა ივა ჭყონიამ.
ეროვნული ბანკის განცხადება, რომ ლარის რყევები არ უკავშირდება ფუნდამენტურ მაკროეკონომიკურ ფაქტორებს და მხოლოდ მოლოდინების ფაქტორია, რომელიც მალე ამოიწურებოდა, იმდენად არასერიოზულია, რომ ამას ვერც ვუპასუხებ. პანიკა შეიძლება იყო ერთი დღით, ერთი კვირით, მაგრამ გაუფასურების ტენდენცია თითქმის უკვე 1 თვეა გრძელდება.
არა ერთხელ მომისმენია ხელისუფლების წევრებისგან, რომ პანიკას ექსპერტები ქმნიან. ექსპერტი პანიკას ვერ შექმნის და ვერც მე შევქმნი. მე შემიძლია დავხატო რეალური სურათი, რა შეიძლება მოჰყვეს იმ ქმედებას, რომელიც ლარს აუფასურებს. სასაცილოა ამაზე საუბარი. ცალსახაა, რომ თუ პოლიტიკური პროცესი დადებითად არ წავა, ეს ყველაფერი ასე გაგრძელდება“, – განაცხადა ივა ჭყონიამ.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის ვახტანგ იობაშვილის განცხადებით, თუ ლარის გაუფასურება გრძელვადიანად გაგრძელდება, ეს საწვავის ფასზე აისახება.
როგორც მან „კომერსანტთან“ საუბარში აღნიშნა, ამ მსხვილი იმპორტიორები ამ დრომდე სტაბილურ ფასებს ინარჩუნებდნენ, თუმცა გაუფასურების უკვე არსებული მაჩვენებელი, გასათვალისწინებელია.
„ჩვენ დიდი ხანია ვაკვირდებით ლარის კურსის ცვალებადობას და თითქმის ყოველდღიურად ვაკეთებთ გათვლებს. ბუნებრივია, რომ რაც უფრო სტაბილური იქნება ჩვენი ეროვნული ვალუტა, მით უფრო სტაბილური იქნება ყველა სავაჭრო ობიექტი.
ვართ მოლოდინში, თუ ძალიან გრძელვადიანი იქნება ვალუტის გაუფასურება, რაც არა მგონია რომ ასე იყოს, ბუნებრივია, იმოქმედებს ნავთობის ბაზარზეც, ხოლო თუ გაჩერდება, სტაბილურობას შევინარჩუნებთ.
ლარის გაუფასურების პროცესი დაიწყო პატარ-პატარა ბიჯებით და მსხვილ ნავთობიმპორტიორებს ჰქონდათ ასე ვთქვათ, მარაგები შემოტანილი. ლარის რყევების პარალელურად, სიტუაცია იცვლებოდა საერთაშორისო ბაზარზე. ნავთობის ფასმა ხან მოიკლო, ხან მოიმატა. იმპორტიორები, მარაგების ხარჯზე, ამ ეტაპამდე ინარჩუნებენ სტაბილურობას, მაგრამ თუ ლარის გაუფასურება გრძელვადიანად გაგრძელდება, რა თქმა უნდა, არსებულ ფასს ვერ შევინარჩუნებთ.
გრძელვადიანი გაუფასურება ჩვენთვის ნიშნავს, მაგალითად, თუ 1 კვირის განმავლობაში ლარი აჩვენებს უარყოფით ტენდენციას. ახალი პარტიების შემოტანაზე უკვე მოქმედებს ასეთ დროს კურსის ცვლილება. საბაზრო ეკონომიკის პირობებში, ჩვენ ვალდებული ვართ, მივყვეთ პროცესებს. ვერ გეტყვით, რომ არაფერს ნიშნავს ეს გაუფასურება, ძალიანაც ნიშნავს. ვისურვებდი, რომ ეს ტენდენცია არ გაგრძელდეს და მოგვეცეს საშუალება, რომ დავიკავოთ სტაბილური ფასი.
ბიზნესში წინასწარმეტყველება საერთოდ ცუდია, რადგან არ ამართლებს, მით უმეტეს, როცა საწვავის ბაზარზეა საუბარი. სანავთობო ბაზარზე წინასწარ რამდენიმე დღის პროგნოზის გაკეთებაც კი შეუძლებელია.
ამის დასტურია ისიც, ევროპიდან, გემებით ნავთობის იმპორტის დროს გზაში გვისწრებდა ხოლმე ფასთა სხვაობა, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელი იყო და არის. როცა ლარი არასტაბილური ხდება, ეს მოქმედებს ყველაფერზე“,- აღნიშნა ვახტანგ იობაშვილმა.
რაც შეეხება ეროვნული ბანკის პოზიციას. სები ვრცელი კომენტარისგან თავს იკავებს და მცირე განმარტება მოაყოლა 2024 წლის 11 ივნისს გამართულ სავალუტო აუქციონზე მათი მხრიდან 60 000 000 აშშ დოლარის გაყიდვას.
„აღნიშნული ინტერვენციის მიზანია ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციების შედეგად ბაზრის მოლოდინებზე შესაძლო უარყოფითი გავლენის შემცირება.
ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციები, კერძოდ საფინანსო სექტორის მიერ, წინა წლებში გამოშვებული ლარით დენომინირებული ვალდებულებების დაფარვა, დივიდენდების გადახდა და სხვა, სავალუტო ბაზარზე უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნას დროებით ზრდის. იმისათვის, რომ აღნიშნულმა ტრანზაქციებმა გაცვლითი კურსის ჭარბი მერყეობა არ განაპირობოს ეროვნული ბანკი ბაზარს სავალუტო აუქციონების გზით უცხოურ ვალუტას საჭიროების მიხედვით აწვდის.“- აღნიშნული იყო სების განცხადებაში.