პანდემიის შემდეგ, პროდუქცია ყოველ წელს გვიძვირდება – Mao Flowers

„პანდემიის შემდეგ, პროდუქცია ფაქტობრივად ყოველ წელს გვიძვირდება“,- ამის შესახებ, ყვავილების მაღაზია Mao Flowers-ის თანადამფუძნებელმა, მაკუნა გაბუნიამ BM.GE-სთან განაცხადა.
მისი თქმით, ფასების ზრდის მიზეზი გაძვირებული იმპორტირებული პროდუქცია და ლოგისტიკური პრობლემები გახდა.
„პროდუქცია დაახლოებით 40-50%-ით გაგვიძვირდა, რაც გაძვირებული იმპორტითაა განპირობებული. ჩვენ არ ვიყენებთ ადგილობრივ პროდუქციას, რადგან მოთხოვნილ ხარისხს ვერ აკმაყოფილებს. შესაბამისად, პროდუქციის იმპორტს ძირითადად კენიიდან, ეკვადორიდან და ჰოლანდიიდან ვახდენთ.
დღეის მდგომარეობით, 1 ვარდის ღირებულება 11-12 ლარზეა ასული. აქედან გამომდინარე, თუ ადრე მოთხოვნა 50-100 ვარდიან თაიგულებზე იყო, ახლა დიდი ზომის, მასშტაბურ თაიგულებს ნაკლებად ყიდულობენ. ნაკლები მოთხოვნა, ადგილობრივი მოსახლეობის დაბალი მსყიდველუნარიანობითაა განპირობებული. ასევე, ქართველი მოსახლეობის ქცევაც შესაცვლელია, რადგან ყვავილის ჩუქების კულტურა, განსაკუთრებით მამაკაცებში ასამაღლებელია.
მაგალითად, ხშირად მამაკაცები თაიგულის შეძენისას, დამატებით ჩანთასაც ითხოვენ, რათა არ გამოჩნდეს, რომ თაიგულს ატარებენ,“- აცხადებს გაბუნია.
მისივე ცნობით, მომხმარებლების დიდი ნაწილი ადგილობრივი მოსახლეობა, კერძოდ მამაკაცები არიან. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ონლაინ გაყიდვები ძალიან კომფორტული და აქტუალურია, ყვავილებს ხშირად ქალბატონებიც თავის ადრესატს სასაჩუქრედ უგზავნიან.
აღსანიშნავია, რომ კომპანია 4 ადამიანს ასაქმებს, თუმცა დღესასწაულების პერიოდში კადრებსაც ამატებენ. მიმდინარე წელს, კომპანია ივენთების მიმართულებით გააქტიურებას და მომხმარებლისთვის ამ კუთხით სრული სერვისის შეთავაზებას გეგმავს.
ინფორმაციისთვის, 2023 წელს საქართველოში ყვავილების იმპორტის ღირებულება, 2022 წელთან შედარებით 70.5%, მოცულობა კი 42.8% გაიზარდა.
საქსტატის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2023 წელს საქართველომ 5 მილიონ 126 ათასი დოლარის, 1 718 ტონა ყვავილები და კოკრები შეიძინა. მაშინ, როცა 2022 წელს, იმპორტის ღირებულება 3 მილიონ დოლარს, მოცულობა კი 1203 ტონას შეადგენდა.
მოჭრილი ყვავილებისა და კოკრების ტოპ-5 საიმპორტო ქვეყნის რეიტინგი ასე გამოიყურება:
ეკვადორი $1.6 მლნ, 325.92 ტონა;
სომხეთი $1.3 მლნ, 680.06 ტონა;
ნიდერლანდები $1.2, 97.70 ტონა;
თურქეთი $ 400 580 ათასი, 487.06 ტონა;
კენია $348 700 ათასი, 95.58 ტონა.