რაჭაში ზაფხულის ტურისტული სეზონის გამოწვევებზე BM.GE-სთან ამბროლაურის მუნიციპალიტეტ სოფელ კრიხში, პირველი ქართული გლემპინგის დამფუძნებელი, გიორგი ისაკაძე ესაუბრა.
Glamping Georgia Krikhi-ს დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ რაჭაში ტურისტული სეზონის ხანგრძლივობა შემცირებულია, რაზე გავლენა გასულ წელს მომხდარმა შოვის ტრაგედიამაც იქონია.
“სამწუხაროდ, ძალიან დაპატარავდა რაჭაში ტურისტული სეზონი, გვიან იწყება ჯავშნების მიღება, ბევრი ფაქტორიდან, მათ შორის, შოვის ტრაგედიიდან გამომდინარე, რამაც ძალიან დაგვაზარალა.
შარშანაც გვიან დაიწყო სეზონი და შოვის ამბავმა საერთოდ გააჩერა მუშაობა, საკმაოდ ცუდი სეზონი იყო. 2019 წლიდან, რაც გავიხსენით, ყოველთვის მთელი წელი ვმუშაობდით, სასტუმრო არცერთ სეზონზე არ დაგვიკეტავს, მხოლოდ პანდემიის პერიოდში მოგვიწია, მაგრამ შარშან ისეთი სიტუაცია იყო, მომართვიანობა იმდენად შემცირდა, რომ ზამთარში მუშაობა გავაჩერეთ”, – ამბობს ისაკაძე.
მისივე თქმით, წელს, ივლისი-აგვისტოს თვეში სასტუმროს სრული დატვირთვაა მოსალოდნელი, დამსვენებლებს შორის კი უმრავლესობა უცხოელი ტურისტია, მათ შორის, რუსეთიდან.
“ჩვენთან უფრო მეტი უცხოელი ტურისტი ჩამოდის, ვიდრე ქართველი, მათ შორის იგულისხმებიან რუსი ტურისტებიც, თუმცა, მათი უმრავლესობა, ალბათ, უკვე ცხოვრობს საქართველოში.
როდესაც გავიხსენით, პირველ წლებში, კოვიდამდე, რუსი ტურისტი ფაქტობრივად არ გვყავდა, მაქსიმუმ წელიწადში ერთი-ორი, ახლა ეს რადიკალურად შეცვლილია, ბოლო 2 წელია პროცენტულ უმრავლესობაში არიან, ევროპელი ტურისტების რაოდენობა კი საგრძნობლად შემცირებულია. აქამდე ნახევარი ევროპიდან გვყავდა ხოლმე, ახლა მხოლოდ კანტიკუნტად. შეიძლება ითქვას, რომ გაცვალეს ადგილები ევროპამ და რუსეთმა”, – აცხადებს გიორგი ისაკაძე.
მისივე თქმით, რაჭაში ტურიზმის შემცირებას უკვე არსებული ჯავშნების გაუქმებაც მოჰყვა.
“არის ხოლმე ჯავშნის გაუქმების ერთეული შემთხვევები, რამდენადაც, საერთო ჯამში მოხდა რაჭაში ტურიზმის შემცირება.
ვფიქრობ, რაჭას მეტი ყურადღება უნდა მიექცეს, მეტი საინტერესო სივრცეები უნდა მოეწყოს, რომ ტურისტები დაინტერესდნენ რაჭით, მოუნდეთ ჩამოსვლა, დარჩენა და მისი გაცნობა”, – აცხადებს Glamping Georgia-ს დამფუძნებელი.
Glamping Georgia Krikhi 10 კარვისა და 2 კოტეჯისგან შემდგარი ტურისტული ობიექტია, რომელიც, 2024 წლის ზაფხულის სეზონიდან, თავის სივრცეში 25 ადამიანზე გათვლილ infinity აუზზსაც ითვალისწინებს. გლემპინგში ერთი ღამით განთავსების ღირებულება 180-500 ლარის ფარგლებშია და ნომრის ტიპზეა დამოკიდებული.