“პანდემიის დროს, ყველა ტურისტული ობიექტი გავყიდეთ” – რა გეგმები აქვს სექტორში დაბრუნებულ Duende-ს ახალ მფლობელს?

კოტეჯური სტილის სასტუმრო-კომპლექსი Duende, რომელიც ბაზარზე 10 წელია ოპერირებს და ლაგოდეხის რაიონში, სოფელ ხიზაში მდებარეობს, წლის ბოლომდე ახალი კოტეჯების დამატებას გეგმავს.
როგორც კომპანიის მფლობელმა, თორნიკე კიკნაველიძემ BM.GE-სთან განაცხადა, კომპლექსი ამ დრომდე უცხოელების მფლობელობაში იყო, ხოლო 2 თვის წინ, კიკნაველიძემ ნახევარი მლნ დოლარის სანაცვლოდ იყიდა.
„პანდემიამდე ჩემი ოჯახი ტურიზმის სექტორით იყო დაკავებული, თუმცა პანდემიის დაწყების შემდეგ, ჩვენს საკუთრებაში არსებული ყველა ობიექტი გავყიდეთ და სრულად ქსელურ მარკეტებზე გადავერთეთ. თუმცა, წლების განმავლობაში ვცდილობდით, რაიმე საშუალებით ტურიზმის სექტორს დავბრუნებოდით. შესაბამისად, 2 თვის წინ ძველი მფლობელებისგან ეს ტურისტული ობიექტი შევიძინეთ და მის განვითარებაზე მუშაობა დავიწყეთ.
ტერიტორიაზე განთავსებულია ჭა, რომელიც კოტეჯებს მიეწოდება. კომპლექსი ასევე დენითა და გაზით არის ადაპტირებული. გარდა ამისა, ტერიტორიაზე საკანალიზაციო სისტემა საერთოდ არ არსებობდა, რაც სრულად აღმოფხვრილია და დღეს ტერიტორიაზე უკვე უმაღლესი ხარისხის საკანალიზაციო სისტემაა განთავსებული.
გვაქვს 2 და 4 კაციანი 6 კოტეჯი, რომელშიც ერთი ღამით განთავსება, საუზმით ამჟამად 368 ლარი ღირს, ხოლო ივნისიდან, მათი ღირებულება 425 ლარით განისაზღვრება. კოტეჯები ერთმანეთისგან საკუთარი ეზოებითაა გამოყოფილი, რათა უფრო მყუდრო გარემო შეიქმნას დასასვენებლად. ამასთან, ყველა კოტეჯს საკუთარი ქვის ბუნებრივი ჯაკუზი აქვს, რომელიც შეშის ღუმლით თბება და ის ღირებულებაში შედის. ჩვენი მიზანი ეკოლოგიურად სუფთა გარემოში დასვენების შესაძლებლობის მიცემაა ადამიანებისთვის,“-აცხადებს კიკნაველიძე.
მისი ინფორმაციით, კოტეჯები ამ დრომდე ზამთრის სეზონის გამოტოვებით ფუნქციონირებდა. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ახალი მფლობელების მიზანს, კოტეჯების ოთხივე სეზონზე ფუნქციონირება წარმოადგენს, ზამთრის სეზონისთვის მზადება, სეზონის დასრულების შემდეგ დაიწყება და ყველა კოტეჯში დეკორატიული ბუხრების განთავსება იგეგმება.
როგორც სასტუმრო-კომპლექსის დამფუძნებელი აღნიშნავს, პირველ ეტაპზე 100 000 დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელონ.
კიკნაველიძის განმარტებით, ისინი მთლიანად ექსტერიერის სრულად მოწყობაზე არიან გადართული. კერძოდ, სასტუმრო-კომპლექსის ტერიტორიაზე რუ ჩამოდის, რომელშიც დეკორატიული თევზების გაშვება იგეგმება, ამასთან შუშის ორანჟერეის მოწყობაცაა დაგეგმილი, სადაც ადამიანები სხვადასხვა კონფერენციებისა თუ შეხვედრების გამართვას შეძლებენ.
რაც შეეხება დასაქმებულებს, საერთო ჯამში, კომპანიაში 8 ადგილობრივი კადრი ჰყავთ დასაქმებული, ხოლო 2 ადამიანი სავარაუდოდ თბილისიდან უნდა დაასაქმონ.