პანამის ტროპიკულ ტყეებში ერთ-ერთი ხის სახეობამ ევოლუცია განიცადა, რათა ელვის დარტყმა თავის დასაცავად გამოიყენოს. ინფორმაციას Livescience-ი აქვეყნებს.
საუბარია Dipteryx oleifera-ის სახეობის ხეზე, რომელსაც მეცნიერები აკვირდებოდნენ. მათი თქმით, ხის ეს კონკრეტული სახეობა მეხის დარტყმას უძლებს, რის შედეგადაც მისი კონკურენტები და ლიანები ნადგურდებიან.
„ჩვენ კვლევა ათი წლის წინ დავიწყეთ. მან აჩვენა, რომ მეხი ძალიან ბევრ ხეს ანადგურებს, განსაკუთრებით დიდ ხეებს, თუმცა Dipteryx oleifera-ს არასოდეს არაფერი უშავდება“, – განაცხადა კვლევის ავტორმა, ეკოლოგმა ევან გორამ.
მისი თქმით, ტროპიკულ ტყეებში მეხი დიდი ხეების განადგურების ძირითადი მიზეზია, განსაკუთრებით დიდი ხეების, რომლებიც ბიომრავალფეროვნებისა და ეკოლოგიის თვალსაზრისით მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.
სპეციალური ტექნიკის მეშვეობით, სპეციალისტებმა პანამაში მეხის დაცემასთან დაკავშირებული ასამდე შემთხვევა შეისწავლეს. ტექნიკის მეშვეობით სპეციალისტებმა ტყეში მეხის დარტყმის ზუსტ ზონას მიაგნეს და ხეების მდგომარეობასაც დეტალურად გაეცნენ. ისინი გაოცებულნი დარჩნენ, როდესაც აღმოაჩინეს, რომ კონკრეტული ხე მეხის დარტყმის შედეგად არ ზიანდებოდა.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ ხეების მეხისადმი მდგრადობის გასაღები მათ ფიზიკურ სტრუქტურაშია. კვლევებმა აჩვენეს, რომ ამ ხეებს მაღალი შინაგანი გამტარობა აქვთ და მათი სტრუქტურა კარგად იზოლირებულ სადენს წააგავს. ეს ხეები 40 მეტრამდე იზრდება. ყოველი მეხის დარტყმის დროს ისინი კონკურენტი მცენარეებისგან და ლიანებისგან თავისუფლდებიან. უფრო მეტიც, მეხის დარტყმა მათ რეპროდუქციულ ფუნქციაზეც დადებითად მოქმედებს.
ამჟამად, მეცნიერები აფრიკისა და აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთის ტყეებს იკვლევენ, რათა გაარკვიონ მოაქვს თუ არა მეხს სარგებელი ხეების სხვა სახეობებისთვისაც.
imedinews.ge