Christie’s აუქციონზე პალიმფსესტ Codex Sinaiticus Rescriptus-ის ნაწილი, რომელზეც ბერი იოანე ზოსიმეს ქართული ხელნაწერებიც არის წარმოდგენილი, 1 000 000-იდან 1 500 000 ფუნტ სტერლინგად იყიდება. ხელნაწერის ზედა ტექსტები ზოსიმეს მიერ ძველქართულად არის დაწერილი, ხოლო ქვედა ფენა არამეულის ქრისტიანულ-პალესტინურ დიალექტზეა შესრულებული.
პალიმფსესტები ეტრატზე შესრულებული ხელნაწერებია, რომელთა ფურცლებიდან პირვანდელ ტექსტს შლიდნენ და მათზე ხელახლა წერდნენ. ძველად ეტრატი ძვირი ღირდა, ამიტომ ფურცლების გადარეცხვისა და ხელახლა გამოყენების პრაქტიკა გავრცელებული იყო.
რადგან მელანი ტყავში იყო გამჯდარი, ძველი ნაწერის კვალი დროთა განმავლობაში არ ქრებოდა და მათი ამოკითხვა დღესაც შესაძლებელია – პალიმფსესტზე წარმოდგენილ ძველ ხელნაწერს ქვედა ტექსტს უწოდებენ, ზედა ტექსტად კი ხელახლა დაწერილი ტექსტი მოიხსენიება.
Codex Sinaiticus Rescriptus-ის ქვედა ტექსტები ახ.წ. V-VII საუკუნეებით თარიღდება და არამეულის ქრისტიანულ-პალესტინურ დიალექტზე არის შედგენილი, რომელსაც მე-5 საუკუნიდან მე-13 საუკუნემდე პალესტინასა და ტრანსიორდანიაში მელქიტი ქრისტიანები იყენებდნენ. ეს დიალექტი მხოლოდ რამდენიმე ხელნაწერშია შემორჩენილი.
პალიმფსესტის ზედა ტექსტი კი 979 წლით თარიღდება და იოანე ზოსიმეს მიერ ხუცურად არის შესრულებული.
Codex Sinaiticus Rescriptus-ის ეტრატები თავდაპირველად საბაწმინდას ლავრასა და სინას მთაზე მდებარე წმ. ეკატერინეს მონასტერში უნდა ყოფილიყო შენახული, სადაც იოანე ზოსიმე სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა.
ზოსიმემ ამ ხელნაწერებს თავი მოუყარა და საწერად ხელახლა გამოიყენა. როგორც ვიცით, ხელნაწერის ყდა ზოსიმემ მე-10 საუკუნეში, წმ. ეკატერინეს მონასტერში გააკეთა და ის დღემდე მოღწეული ყველაზე ადრინდელი ყდაა, რომლის დათარიღება, ლოკალიზება და ავტორის ვინაობის გარკვევა შეგვიძლია.
აუქციონზე Codex Sinaiticus Rescriptus-ის მნიშვნელოვანი ფრაგმენტებია გამოტანილი. პალიმფსესტის სხვა მნიშვნელოვანი ნაწილი ამჟამად პეტერბურგში, რუსეთის ეროვნულ ბილბიოთეკაშია დაცული.