პალესტინის ახალმა მთავრობამ ფიცი დადო

პალესტინის ახალმა მთავრობამ, პრემიერ-მინისტრ მუჰამედ მუსტაფას ხელმძღვანელობით, პრეზიდენტ მაჰმუდ აბასის წინაშე ფიცი დადო.
პალესტინის საინფორმაციო სააგენტო WAFA-ს ცნობით, ფიცის დადების ცერემონია რამალაში, ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე გაიმართა.
ცერემონიის შემდეგ, მაჰმუდ აბასის თავმჯდომარეობით ახალი მთავრობის სხდომა გაიმართა.
„მიმდინარეობს მუშაობა არაბულ და საერთაშორისო მხარეებთან ღაზაზე ს აგრესიის შესაჩერებლად. ჩვენი პოლიტიკური მიზანია მივაღწიოთ თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და ოკუპაციისგან გათავისუფლებას და ჩვენ ვმუშაობთ დაინტერესებულ არაბულ და საერთაშორისო მხარეებთან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრობის მისაღებად“, – აღნიშნა აბასმა.
მისი თქმით, ახალ მთავრობას მოუწევს ფოკუსირდეს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებასა და პალესტინის ეკონომიკის აღორძინებაზე.
შეგახსენებთ, პალესტინის მთავრობა, ყოფილ პრემიერ-მინისტრ მუჰამედ შტაიეს მეთაურობით, თებერვალში გადადგა. მუჰამედ მუსტაფა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად მარტის დასაწყისში დაინიშნა.