პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტის, მაჰმუდ აბასის ოფისმა 30 აგვისტოს აშშ-ს მიმართა თხოვნით უკან წაიღოს მისი უჩვეულო გადაწყვეტილება აბასისთვის ვიზის ჩამორთმევის თაობაზე. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა რამდენიმე კვირით ადრე მანამ, სანამ აბასი გაეროს ყოველწლიურ შეხვედრაზე უნდა გამოვიდეს სიტყვით და მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო კონფერენციაში პალესტინის სახელმწიფოს დაარსების თაობაზე.
აბასს და კიდევ 80 ოფიციალურ პირს ვიზები გაუუქმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, მომავლ თვეში დაგეგმილი გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომის წინ – ეს ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტმა პარასკევს გაავრცელა. აბასი წლების განმავლობაში გამოდიოდა გენერალური ასამბლეის წინაშე და როგორც წესი პალესტინელთა დელეგაციის ხელმძღვანელიც იყო.
ამ გადაწყვეტილების ფონია რამდენიმე სახელმწიფოს, მათ შორის საფრანგეთის, ავსტრალიისა და კანადის მიერ გამოცხადებული გეგმა გაეროს შეხვედრაზე აღიარონ პალესტინის სახელმწიფო. ამას მწვავედ ეწინააღმდეგება ისრაელი და მისი ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირე, აშშ.
“ამერიკის ადმინისტრაციას მოვუწოდებთ უკან წაიღოს თავისი გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება მხოლოდ გააღრმავებს დაძაბულობას და ესკალაციას” – უთხრა პალესტინელთა პრეზიდენტის პრესმდივანმა, ნაბილ აბუ რუდეინემ სააგენტო ასოშიეიტედ პრესს (AP) 30 აგვისტოს.
“გუშინდელი დღის შემდეგ კონტაქტს ვინარჩუნებთ არაბულ და უცხო ქვეყნებთან, განსაკუთრებით მათთან, ვისაც პირდაპირი კავშირი აქვს ამ საკითხთან. ეს ძალისხმევა უწყვეტად გაგრძელდება” – დასძინა მან.
AP-ის ცნობით, რუდეინემ სხვა ქვეყნებს მოუწოდა ზეწოლა განახორციელონ ტრამპის ადმინისტრაციაზე – განსაკუთრებით იმ სახელმწიფოებს, რომლებმაც ორგანიზება გაუკეთეს 22 სექტემბრის კონფერენციას, ახლო აღმოსავლეთში ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის სახელით ცნობილი ძალისხმევის აღსადგენად. კონფერენციის თანამასპინძლები იქნებიან საფრანგეთი და საუდის არაბეთი.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ გააპროტესტა გაეროს გენერალურ ასამბლეასთან წვდომაზე დაწესებული წინაღობა და თქვა, რომ ამ საკითხს ევროკავშირში პარტნიორებთან განიხილავს.
“გაეროს შტაბ-ბინა არის ნეიტრალური ადგილი, მშვიდობისთვის მიძღვნილი თავშესაფარი, რომელშიც კონფლიქტები გადაიჭრება ხოლმე” – თქვა ბარომ 30 აგვისტოს და დასძინა: “გაეროს გენერალურმა ასამბლეამ … არ შეიძლება განიცადოს რაიმე შეზღუდვა ხელმისაწვდომობაზე”.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი მაჰმუდ აბასს 30 აგვისტოს ესაუბრა ტელეფონით. სააგენტო Reuters-ის ცნობით, სანჩესმა აბასს მადრიდის მხარდაჭერა აღუთქვა და “უსამართლო” უწოდა აშშ-ის მხრიდან ვიზების გაუქმებას.
გაეროს შტაბ-ბინა ნიუ-იორკშია განთავსებული, საგანგებო სტატუსის მქონე ტერიტორიაზე რომელიც ტექნიკურად აშშ-ის ნაწილი არ არის – მაგრამ ამ ტერიტორიას არ აქვს თავისი აეროპორტი, და ამდენად უცხოეთის დელეგაციები შტაბ-ბინაში მისვლამდე ჯერ აშშ-ის მიწაზე უნდა შევიდნენ, რაც ვიზის გარეშე შეუძლებელია.
აბუ რუდეინე ასევე გამოვიდა მოწოდებით დასრულდეს ისრაელის შეტევა ღაზაზე და “ესკალაცია დასავლეთის სანაპიროზე, ვინაიდან ეს ქმედებები არანაირ გადაწყვეტას არ მოიტანს”.
მისი განცხადების ფონია ისრაელის მხრიდან ქალაქ ღაზის გამოცხადება საბრძოლო ზონად, რასაც მწვავე საერთაშორისო კრიტიკა მოჰყვა. ისრაელი ამბობს, რომ ქალაქი ღაზა რჩება აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ჰამასის ბასტიონად.
აშშ-ის პრეზდიენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა პალესტინელებისთვის ვიზების გასაუქმებლად.
“ჩვენი სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებშია პალესტინელთა გათავისუფლების ორგანიზაციისა (PLO) და პალესტინელთა ავტონომიის (PA) პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება პირობების შეუსრულებლობისთვის და მშვიდობის პერსპექტივისთვის ძირის გამოთხრისთვის” – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტმა.
პალესტინელთა ავტონომიამ დაგმო ვიზების გაუქმება, მას უწოდა აშშ-ის მხრიდან გაეროს მასპინძელი ქვეყნის ვალდებულებების დარღვევა.
გაეროს პრესმდივანი, სტეფან დუიარიჩი აცხადებდა, რომ ორგანიზაცია სახელმწიფო დეპარტამენტისგან განმარტებას მოითხოვს.
PA, რომელსაც 89 წლის აბასი ხელმძღვანელობს, ადმინისტრაციას უწევს ოკუპირებულ დასავლეთის სანაპიროს, PLO პალესტინელ ხალხს ოფიციალურად წარმოადგენს საერთაშორისო დონეზე. ეს ორივე ორგანიზაცია განცალკევებულია ჰამასისგან.
ფორუმი
