მედიკოსები, პაციენტები და ადგილნაცვალი პირები გარბიან ცენტრალური ღაზის მთავარი საავადმყოფოდან, ვინაიდან რაიონს სულ უფრო უახლოვდება ისრაელის ჯარებსა და პალესტინელ მოიერიშეებს შორის შეტაკებები, იტყობინებიან თვითმხილველები. როგორც Associated Press-ი შენიშნავს, ამ საავადმყოფოს დაკარგვა კიდევ ერთი სერიოზული დარტყმა იქნებოდა ღაზის ჯანდაცვის სისტემისთვის, რომელიც სავალალო მდგომარეობაშია სამი თვის განმავლობაში მიმდინარე ომის შედეგად.
არასამთავრობო ორგანიზაციამ „ექიმები უსაზღვრებოდ“ და სხვა ჰუმანიტარულმა ჯგუფებმა უკანასკნელ დღეებში დატოვეს დეირ ალ-ბალაჰში მდებარე „ალ-აქსის მარტვილთა საავადმყოფო“. მათი თქმით, იქ დარჩენა ძალზე სახიფათოა. ამან პანიკა გაავრცელა საავადმყოფოს შეფარებულთა შორის. მათგან მრავალი შეუერთდა ასიათასობით ადგილნაცვალ პირს, რომლებმაც ალყაშემორტყმული ტერიტორიის სამხრეთს მიაშურეს.
ისრაელი აცხადებს, რომ ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში ძირითადად დაასრულა სამხედრო ოპერაციები და ამჟამად კონცენტრირებულია ცენტრალურ ნაწილსა და სამხრეთში მდებარე ქალაქ ხან-იუნისზე.
ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ბრძოლა კიდევ მრავალ თვეს გასტანს. მისი მიზანია, გაანადგუროს ჰამასი (აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული) და გაათავისუფლოს ათობით მძევალი, რომლებიც ექსტრემისტებმა აიყვანეს 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე თავდასხმისას. ამ თავდასხმისას ისრაელში 1200-მდე ადამიანი დაიღუპა.
ჰამასის თავდასხმის საპასუხოდ ისრაელმა წამოიწყო ღაზის წინააღმდეგ იერიში, რომელსაც, დღევანდელი მონაცემებით, 22 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა, ღაზის 2,3-მილიონიანი მოსახლეობის თითქმის 85% ადგილნაცვალ პირადაა ქცეული, მოსახლეობის ერთი მეოთხედი შიმშილობის ზღვარზეა.