პაკისტანმა ირანის ტერიტორიაზე რამდენიმე სამხედრო დარტყმა განახორციელა. ინფორმაციას CNN ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც პაკისტანის დიპლომატიურ უწყებაში ამბობენ, თავდასხმა განხორციელდა “სეპარატისტ მებრძოლთა სამალავებზე”. მათივე თქმით, ქვეყნის ძალებმა ირანში, სისტანისა და ბელუჯისტანის პროვინციაში, განახორციელეს “კარგად კოორდინირებული, კონკრეტული და ზუსტი სამხედრო დარტყმების სერია”, რომლის შედეგადაც მებრძოლების გარკვეული რაოდენობა დაიღუპა.
როგორც რეგიონის გუბერნატორმა ირანის სამთავრობო მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, თავდასხმის შედეგად სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ქალია, ოთხი ბავშვი. დაღუპულებს შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც.
შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანმა პაკისტანის საჰაერო სივრცე დაარღვია, რომლის შედეგადაც 2 არასრულწლოვანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა. მანამდე ირანმა სარაკეტო თავდასხმები განახორციელა სამხედრო ობიექტებზე სირიაში და ჩრდილოეთ ერაყში.
პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ირანის ქმედებებს მალევე გამოეხმაურა, მომხდარს “პაკისტანის სუვერენიტეტის არაპროვოცირებული დარღვევა” უწოდა, თეირანიდან საკუთარი ელჩი გამოიწვია და განაცხადა, რომ უფლებას იტოვებდა ეპასუხა “არალეგალური აქტისთვის”.
პაკისტანზე საჰაერო თავდასხმები ირანმაც დაადასტურა, თუმცა განმარტა, რომ მათი სამიზნე არ ყოფილან პაკისტანის მოქალაქეები. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰუსეინ ამირ-აბდოლჰაინმა დავოსის ეკონომიკურ სამიტზე მიცემულ ინტერვიუში პაკისტანს “ძმური და მეგობრული” ქვეყანა უწოდა და თქვა, რომ სინამდვილეში თეირანის სამიზნეს “ირანული ტერორისტული ორგანიზაცია” ალ-ადილი წარმოადგენდა.
მისივე მტკიცებით, პაკისტანის ტერიტორიაზე განხორციელებული თავდასხმა, გასულ დღეებში, აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაციის მიერ ირანის ქალაქ რასკზე განხორციელებული შეტევის პასუხი იყო.