პაკისტანმა 18 იანვარს ირანის ტერიტორიაზე სეპარატისტი ბელუჯების სამხედრო სამიზნეებზე იერიში მიიტანა. ინფორმაცია პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა.
პაკისტანის პრემიერმინისტრმა ანსვარ ულ-ჰაქ კაკარმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მოულოდნელად დატოვა და პაკისტანში დაბრუნდა.
“რამდენიმე ტერორისტი მოკვდა ოპერაციისას, რომელიც დაზვერვის ინფორმაციაზე იყო დაფუძნებული” – ნათქვამია პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
პაკისტანური მხარე ოპერაციას მოიხსენიებს, როგორც კოორდინირებულ და მაღალი სიზუსტის სამხედრო იერიშს ტერორისტების სამალავებზე. მათი ცნობით, ტერორისტები ბელუჯების გათავისუფლების ფრონტის წევრები იყვნენ. პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ასევე წერია, რომ პაკისტანი პატივს სცემს ირანის ისლამური რესპუბლიკის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და 18 იანვრის თავდასხმის მიზანი პაკისტანის უსაფრთხოების და ეროვნული ინტერესების დაცვა იყო.
თავდაპირველად სარაკეტო თავდასხმის შესახებ ინფორმაცია ირანულმა მედიამ გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, რამდენიმე რაკეტა პაკისტანის საზღვართან მდებარე სისტან-ბელუჯისტანის რეგიონის სოფელში ჩამოვარდა. ირანული მედიის ინფორმაციით, პაკისტანის იერიშს სამი ქალის და ოთხი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა და ისინი ეთნიკურად ირანელები არ ყოფილან.
ირანული მედიის მიხედვით, ირანმა ისლამაბადიდან თავდასხმებზე ოფიციალური განმარტება მოითხოვა და თეირანში პაკისტანის უმაღლესი დიპლომატიური წარმომადგენელი დაიბარეს. ორი დღის წინ ირანმა ასევე საჰაერო იერიშინ მიიტანა პაკისტანში ბელუჯების სამხედრო სამიზნეებზე.