პაკისტანმა დაადასტურა ირანის ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმა

პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ 18 იანვრის დილით სარაკეტო იერიში მიიტანა ირანის პროვინცია სისტან-ბელუჯისტანში, პაკისტანური წარმოშობის ტერორისტული დაჯგუფების ბანაკზე. ს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, მათი საქმიანობის შესახებ ირანს არაერთი კონკრეტული მტკიცებულება წარუდგინეს, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია და დაჯგუფება „სარმაჩარები დაუსჯელად განაგრძობდა უდანაშაულო პაკისტანელების სისხლის ღვრას“. ამასთან, პაკისტანის საგარეო უწყება „სანდო სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით ფლობდა ინფორმაციას ე. წ. სარმაჩარების მიერ მოსალოდნელი ფართომასშტაბიანი ტერორისტული მოქმედებების შესახებ“.
პაკისტანის ცნობით, განხორციელებული „ზეზუსტი სარაკეტო თავდასხმის სერიის“ მიზანი ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო. „პაკისტანი გააგრძელებს ყველა საჭირო ნაბიჯის გადადგმას თავისი ხალხის უსაფრთხოების შესანარჩუნებლად“. პაკისტანი სრულად პატივს სცემს ირანის ისლამური რესპუბლიკის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. „ირანი ძმური სახელმწიფოა და პაკისტანის ხალხი დიდ პატივს სცემდა და პატივს სცემს ირანელ ხალხს“, – ნათქვამია პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ი იტყობინება, რომ თეირანი “დაუყოვნებლივ ახსნა-განმარტებას” მოითხოვს პაკისტანის თავდასხმების გამო და პაკისტანის ელჩი ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
პაკისტანის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ანვაარ-ულ-ჰაკ კაკარი, რომელიც დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს ესწრება, ვიზიტს წყვეტს და სამშობლოში ბრუნდება. უგანდაში ვიზიტს წყვეტს პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიც.
ირანის სახელმწიფო მედიას, IRNA-ს, სისტანისა და ბელუჯისტანის პროვინციის გუბერნატორის მოადგილემ ალირეზა მარჰამატმა განუცხადა, რომ თავდასხმის შედეგად დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ქალი და ოთხი ბავშვი.
მანამდე ირანმა იერიში მიიტანა ობიექტებზე პაკისტანში, ერაყსა და სირიაში. თეირანის მტკიცებით, პაკისტანში სამიზნეს წარმოადგენდა დაჯგუფება ჯეიშ ალ-ადლი, რომელიც ბელუჯისტანის სეპარატისტების ინტერესებს იცავს.
ირანი დაჯგუფებას ტერორისტულად მიიჩნევს, ის 2012 წლიდან მოქმედებს და პაკისტანშია ბაზირებული. ჯეიშ ალ-ადლის წევრები ისლამის სალაფიტურ მიმდინარეობას იზიარებენ და იბრძვიან ირანის მოქმედი შიიტური მთავრობის წინააღმდეგ.
პაკისტანის თანახმად, ირანის თავდასხმას ორი ბავშვი ემსხვერპლა. პაკისტანის განცხადებით, იგი იტოვებს უფლებას, რეაგირება მოახდინოს ირანის “უკანონო აქტზე”. ბაღდადმა და ისლამაბადმა თეირანიდან თავისი ელჩები გაიწვიეს.
პაკისტანი და ირანი დიდი ხანია ებრძვიან სეპარატისტებს თავიანთი 900-კილომეტრიანი საზღვრის გასწვრივ. თუმცა უკანასკნელი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების ფონზე ხდება.
.

ასევე დაგაინტერესებთ