სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა საკანონმდებლო და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში უმნიშვნელოვანესია ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში, მათ შორის საქართველოში. სწორედ ამიტომ, 9 ნაბიჯიდან ერთ-ერთში დაზუსტებითაა საუბარი სამოქალაქო საზოგადოების მაქსიმალურად სრულად ჩართულობაზე საკანონმდებლო პროცესებსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა გამონახოს გზა იმისთვის, რომ სამოქალაქო საზოგადოების ყველა ორგანიზაცია ჩართული იყოს საკანონმდებლო და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში.
„მოხარული ვართ, რომ ვხედავთ, რომ საქართველოს ჰყავს ძალიან ენერგიული სამოქალაქო საზოგადოება, არსებობს სამოქალაქო საზოგადოების უზარმაზარი მრავალფეროვნება, რომლებიც განსხვავებულ საკითხებზე არიან ორიენტირებული. ჩვენი აზრით, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები რაც შეიძლება ჩართულები იყვნენ საკანონმდებლო და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, გამონახოს გზები, რომ სამოქალაქო საზოგადოება რაც შეიძლება ჩართული იყოს. გასულ წელს დაიწყო ძალიან პოზიტიური პროცესი – განხილვები მთავრობას, ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას შორის. გვქონდა რამდენიმე შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის მონაწილეობით, რომელიც დაკავშირებული იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმასთან. სამწუხაროდ, პლატფორმაში განვითარებული გარკვეული მოვლენების გამო, ზოგიერთმა დიდმა სამოქალაქო ორგანიზაციამ პლატფორმის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ახლა, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ გამოძებნოს გზა, რომლითაც ყველა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას, როგორც პლატფორმაში შემავალს, ასევე მათ, ვინც პლატფორმა დატოვა, საშუალება ექნება მონაწილეობა მიიღოს საკანონმდებლო და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. ეს არის მე-9 ნაბიჯი და იმედი გვაქვს, რომ ყველა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას ექნება საშუალება მონაწილეობა მიიღოს როგორც საკანონმდებლო, ასევე გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, – აღნიშნა ელჩმა.