ჩვენ არ გავუგზავნეთ პირადი მოწვევები არც ამჟამინდელი და არც წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს. ეს საჯარო ღონისძიებაა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, თუ რატომ არ ესწრებიან ევროპის დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები.
მისი თქმით, ღონისძიების მიზანია ერთად აღნიშნოს ევროპის დღე და იმ პროექტების ჩვენება, რომელსაც ევროკავშირი საქართველოში აკეთებს.
„როგორც ყველამ იცით, 9 მაისი ევროპის დღედ ითვლება და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კვლავ გვაქვს შესაძლებლობა, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად აღვნიშნოთ ევროპის დღე. ეს საჯარო ღონისძიებაა. ყველა დავპატიჟეთ და იმედი მაქვს, ბევრი ადამიანი მოვა ოჯახებთან და მეგობრებთან ერთად. ჩვენ ბევრი აქტივობა მოვამზადეთ. თქვენ ნახავთ ყველაფერს, რასაც ევროკავშირი საქართველოსთვის მრავალი წლის განმავლობაში აკეთებდა. ჩვენი ბენეფიციარები აქ არიან, ისევე როგორც ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო. ზოგიერთი ელჩი საზღვარგარეთიდანაც კი ჩამოვიდა, ისინი, ვინც მუდმივად არ ცხოვრობენ თბილისში. ყველა ქვეყანას აქვს საკუთარი სტენდი.
რაც შეეხება კითხვას, მოიწვიეთ თუ არა საქართველოს მთავრობა? ჩვენ აქ არავინ მოგვიწვია, ეს საჯარო ღონისძიებაა. ჩვენ ყველა მოვიწვიეთ.
ჩვენთან ერთად აღვნიშნავთ ევროპის დღეს, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, თუმცა, მართალი ხართ, ჩვენ არ გავუგზავნეთ პირადი მოწვევები არც ამჟამინდელი და არც წინა ხელისუფლებისთვის წარმომადგენლებს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
