ჩვენ არსებულ ძალზე შეზღუდულ სამართლებრივ კონტექსტში სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას გავაგრძელებთ, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ევროკავშირი თითქმის 30 წელია საქართველოს სიამაყით უჭერს მხარს. ჩვენი ფინანსური მხარდაჭერა ძირითადად მთავრობას, ხელისუფლებას გადაეცემოდა. მისი თითქმის ნახევარი ყოველთვის პირდაპირ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ირიცხებოდა. დანარჩენი კი სხვადასხვა სამინისტროებს გადაეცემოდა, სხვადასხვა პროექტისთვის, რომლითაც ქართველი ხალხი სარგებლობდა. ჩვენ გადავწყვიტეთ, შეგვეწყვიტა ხელისუფლების დაფინანსება იმ ქმედებებისა და კანონმდებლობის გამო, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს. ჩვენ არსებულ ძალზე შეზღუდულ სამართლებრივ კონტექსტში სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას გავაგრძელებთ. ჩვენ ძალადობა არასდროს დაგვიფინანსებია. ნებისმიერი ფორმით ძალადობას ვგმობთ. ძალადობა მიუღებელია“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
მისი თქმით, „იმედოვნებს, რომ საქართველოში არსებული ღრმა პოლიტიკური კრიზისი მშვიდობიანი გზით, დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგის გზით მოგვარდება, რაც ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის სურვილზე იქნება დამყარებული“.
„ევროკავშირი თავისუფლებას, დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს მტკიცედ უჭერს მხარს. ეს ღირებულებები მოლაპარაკებების საგანს არ წარმოადგენს. ჩვენ საქართველოში ბევრი აქტივისტის, ბევრი პოლიტიკოსისა და ბევრი ადამიანის შემთხვევაში უაღრესად არაპროპორციულ სასჯელებს ვხედავთ. მზია ამაღლობელის საქმე ძალიან გულდასაწყვეტია. უმაღლესი ჟურნალისტური სტანდარტების მქონე ადამიანი თითქმის ნახევარი წელია დაკავებულია და მას შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ის ყოველთვის კრიტიკულად იყო განწყობილი ყველა ხელისუფლების მიმართ და ის, რაც მან გააკეთა, არ შეესაბამება იმ სასჯელს, რომელიც შეიძლება მის წინააღმდეგ გამოიტანონ. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დაველოდოთ სასამართლო პროცესის დასრულებას, მაგრამ თქვენ ნახეთ რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა ორი დღის წინ მიიღო. ჩვენ ყველანი დიდი ყურადღებით ვაკვირდებით ამ პროცესს და ვიმედოვნებთ, რომ სამართალი გაიმარჯვებს“, – აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.
