მარტა კოსმა ოთხი ქვეყანა ახსენა ევროკავშირის შემდგომი გაფართოების გეგმის კონტექსტში, სამწუხაროდ, შემდეგი გაფართოების კონტექსტში მას საქართველო არ უხსენებია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ელჩს დაუსვეს შეკითხვა, რამდენად უახლოვდება საქართველო იმ წერტილს, როცა გაწევრიანებასთან დაკავშირებით შანსი აღარ იარსებებს.
„მსურს, ძალიან სიფრთხილე გამოვიჩინო იმასთან დაკავშირებით, რის თქმასაც ვაპირებ. თქვენს კითხვაზე საუკეთესო პასუხი იქნება, თუ გავიხსენებთ ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას, რომლის თქმითაც, მონტენეგრო, რომელმაც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ყველაზე მეტ პროგრესს მიაღწია, იმედოვნებს რომ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესს 2026 წლის ბოლომდე დაასრულებს, მან ასევე თქვა, რომ ალბანეთი იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებებს 2027 წლისთვის დაასრულებს, მან ასევე თქვა, რომ უკრაინა და მოლდოვა იმედოვნებენ, რომ გაწევრიანების მოლაპარაკებებს 2028 წლის ბოლოსთვის დაასრულებენ, მან ახსენა ოთხი ქვეყანა ევროკავშირის შემდგომი გაფართოების გეგმის კონტექსტში, სამწუხაროდ, შემდეგი გაფართოების კონტექსტში მას საქართველო არ უხსენებია”, – აღნიშნა ელჩმა.
ამასთან, მისი თქმით, გვიან არასდროს არის და რომ საქართველოს ჯერ კიდევ აქვს შანსი მომავალი გაფართოების ნაწილი გახდეს.
„ჩემი პასუხია, არასოდეს არ არის გვიან. თუკი იქნება სურვილი, იქნება გზაც. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ჯერ კიდევ აქვს შანსი მომავალი გაფართოების ნაწილი გახდეს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს არ მოხდება საქართველოს ხელისუფლების ტრაექტორიის გამო, შემდგომი გაფართოება არ იქნება საბოლოო გაფართოება. ასე რომ, მომავლისთვის იმედი ჯერ კიდევ არის, მაგრამ ყველამ ვიცით, როგორ ძლიერად იბრძოდნენ საქართველოს თაობები იმისთვისს, რომ ეს მომენტი ბოლოს და ბოლოს დამდგარიყო და საქართველო ევროკავშირის წევრი გამხდარიყო. ამ შესაძლებლობის დაკარგვა ისტორიული დონის შეცდომა იქნება“, – აღნიშნა ელჩმა.
ამასთან, მისი თქმით, გასული წლის ივნისიდან ევროპულმა ინსტიტუტებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შეემცირებინათ საქართველოს ხელისუფლებასთან კონტაქები, რაც საქართველოში წარდგენილი არადემოკრატიული კანონმდებლობის შედეგად გამოწვეული რეაქციის შედეგი იყო.
„მესიჯს მესიჯზე ვაგზავნით: გთხოვთ, დაუბრუნდით ევროინტეგრაციის გზას, გთხოვთ, გთხოვთ, შეასრულეთ ვალდებულებები, რომელიც თქვენ, საქართველოს ხელისუფლებამ აიღეთ იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეთ. თუმცა, გასული წლის განმავლობაში, არ გვინახავს კურსის შეცვლის არანაირი სერიოზული მცდელობა. პირიქით, და გაფართოების შესახებ ანგარიშში ეს გარკვევით არის აღნიშნული, ჩვენ მოწმე გავხდით ძალიან სერიზული უკუსვლისა ფუნდამენტურ პრინციპებთან, დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებებთან და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით და ეს არის ის, რაც სრულიად შეუსაბამოა ქვეყნისთვის, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს“, – აღნიშნა ელჩმა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ კარგად იცის, რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველო კვლავ მოწინავე ქვეყანა გახდეს.
„გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირის დემონიზაციის ნაცვლად, ევროკავშირის დადანაშაულების ნაცვლად, ევროკავშირის წინააღმდეგ შეთქმულების თეორიების გავრცელების ნაცვლად, ისინი შეცვლიან კურსს და ინტეგრაციის გზას დაუბრუნდებიან. ჩვენ მზად ვართ, მაგრამ სერიოზული ვალდებულება უნდა დავინახოთ. სამწუხაროდ, გასული თვეების განმავლობაში ეს ასე არ იყო“, – აღნიშნა ელჩმა.




