– თუ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ სერიოზულად არის განწყობილი, მაშინ მათ კურსი სასწრაფოდ უნდა შეცვალონ და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე დაბრუნდნენ

რა თქმა უნდა, ხელისუფლებასთან საუბარს ვცდილობ , – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, მ განაცხადა.
კითხვაზე, აქვს თუ არა კონტაქტი საქართველოს ხელისუფლებასთან, პაველ ჰერჩინსკიმ უპასუხა, რომ „როგორც ევროკავშირის ელჩი საქართველოში, მისი მოვალეობაა, ღია კომუნიკაციის არხები ყველასთან ჰქონდეს“.
„რა თქმა უნდა, ხელისუფლებასთან საუბარს ვცდილობ. ჩვენ ასევე კონტაქტში ვართ ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგაოდებასთან…ეს ნათელია ზუსტად ერთი კვირის წინ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული გაფართოების ანგარიშიდან. რაც შეეხება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებას, ანგარიში დამანგრეველია. ანგარიშში ნათლად არის ნათქვამი, რომ ახლა საქართველო ევროკავშირისგან უფრო შორს არის, ვიდრე ორი წლის, კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას. საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რომ კურსი შეცვალოს და ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ასევე, ელჩმა უპასუხა შეკითხვას საქართველოს ხელისუფლების გაცხადებასთან დაკავშირებით, რომ „საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არა მათ, არამედ ევროკავშირმა შეაჩერა“.
„სწორედ საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის შეტანა 2022 წლის მარტში. სწორედ ევროკავშირმა მიანიჭა საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში. საკუთარი კანონდებლობის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება საქართველოს საქმეა. შეუძლია ნებისმიერ კანონი ჰქონდეს, რაც სურს. მაგრამ, ჩემი და ევროკავშირის როლია, რომ ქართველებს ვუთხრათ, რომელი კანონები არ შეესაბამება ევროკავშირს. სწორედ 2024 წლის გაზაფხულზე ნათლად და ხმამაღლა ვამბობდით, რომ არ მიეღოთ კანონი უცხოური აგენტების შესახებ, რადგან ამას შედეგები მოჰყვებოდა. მართლაც, 2024 წლის ივნისში, საქართველოს პარლამენტის მიერ ამ კანონის მიღების შემდეგ ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეეჩერებინა და საქართველოს ხელისუფლებას სთხოვა, რომ კურსი შეეცვალა. მოხარული ვარ და ვფიქრობ, რომ პოზიტიურია ის, რომ საბოლოოდ, ზოგიერთმა ქართველმა პარლამენტარმა ევროპული საბჭოს 2024 წლის ივნისის დასკვნები აღმოაჩინა, მაგრამ, პრობლემას ის წარმოადგენს, რომ მათ 18 თვე დასჭირდათ იმისთვის, რათა გაეაზრებინათ, რომ მათ ქმედებებს შედეგები მოჰყვებოდა“, – აღნიშნა ელჩმა.
მისი თქმით, „ევროპული საბჭოს 2024 წლის ივნისის დასკვნები პირველი გამომაფხიზლებელი ზარი იყო“.
„გასულ კვირას, გაფართოების ანგარიში მივიღეთ, რაც ალბათ, საბოლოო გამომაფხიზლებელი ზარია. ანგარიში დამანგრეველი იყო. ვიმედოვნებ, რომ ქართველ პარლამენტარებს 18 თვეზე ნაკლები დასჭირდებათ, რათა ეს შეისწავლონ და იმოქმედონ, რადგან თუ საქართველო და საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ სერიოზულად არის განწყობილი, მაშინ მათ კურსი სასწრაფოდ უნდა შეცვალონ და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე უნდა დაბრუნდნენ“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.