ევროკომისია დეკემბერში ვიზის შეჩერების მექანიზმის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს, მათ შორის საქართველოსთვის, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე უპასუხა.
„როგორც ჩემმა ხელმძღვანელებმა არაერთხელ განაცხადეს, ამ საკითხის განხილვა უვიზო მიმოსვლის შეჩერების განახლებული მექანიზმის საფუძველზე მოხდება. ველით, რომ მექანიზმის შესახებ შეთანხმება თვის ბოლომდე მოხდება. ევროკომისია დეკემბერში ვიზის შეჩერების მექანიზმის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს, მათ შორის საქართველოსთვის. ამის შემდეგ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ რისი გაკეთება შეიძლება საქართველოში ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებით არსებული სერიოზული უკუსვლის ფონზე“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
მისი თქმით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შესაძლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სპეკულაცია არ სურს.




