პაველ ჰერჩინსკი – ევროკავშირი სამოქალაქო საზოგადოების, მედია ორგანიზაციებისა და ქართველი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს

ევროკავშირი ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე სამოქალაქო საზოგადოების, მედია ორგანიზაციებისა და ქართველი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, მ თბილისში, საერთაშორისო კონფერენციის სახელწოდებით „ევროკავშირის გაფართოება – გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“ გახსნისას განაცხადა.
„როგორც ევროკავშირის ლიდერებმა განაცხადეს, ამჟამინდელი მოქმედებების კურსი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას იწვევს. თუმცა, თუ ეს კურსი შეიცვლება, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების ლიდერ კანდიდატებს შორის კვლავ შეიძლება იყოს. ეს შეიძლება ჯერ კიდევ მოხდეს. საქართველოს ძლიერი საჯარო მმართველობა აქვს, საქართველოს ჰყავს მოსახლეობა, რომლის აბსოლუტური უმრავლესობა ევროკავშირში ინტეგრაციას მხარს უჭერს. ეს ის უპირატესობებია, რომლებიც ბევრ კანდიდატ ქვეყანას შეშურდება და ფუჭად არ უნდა დაიკარგოს, მაგრამ დრო გადის. ევროკავშირის გაფართოება შექმნილია, როგორც ტრანსფორმაციული პროცესი, რომელიც აძლიერებს უსაფრთხოებას, სამართლიანობას, დემოკრატიას და ამავდროულად ევროპელების ცხოვრების დონეს აუმჯობესებს. საქართველოსა და ყველა სხვა კანდიდატ ქვეყანას გულწრფელად ვუსურვებ, ამ გზაზე წინ რაც შეიძლება სწრაფად წავიდნენ. უფრო დიდი ევროკავშირი უფრო ძლიერ და წარმატებულ ევროპას ნიშნავს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კონფერენციის გახსნისას სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს მიმართა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების მიმართ ევროკავშირი მხარდაჭერას გაზრდის.
„ვხედავ, რომ დღევანდელ კონფერენციაში სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მრავალი წარმომადგენელი მონაწილეობს. ყველა თქვენგანი დემოკრატიის დაცვისა და თქვენი ქვეყნების ევროპულ გზაზე წინსვლის საქმეში გადამწყვეტ როლს თამაშობს. მსურს, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების მიმართ ღრმა მადლიერება კიდევ ერთხელ გამოვხატო. ზოგიერთი მათგანი დაშინებისა და შევიწროების გახშირებული აქტების მსხვერპლი პირადად გახდა. როგორც გასულ კვირას უმაღლესმა წარმომადგენელმა/ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, ევროკავშირი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების მიმართ მხარდაჭერას გაზრდის და ჩვენ ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე მხარდაჭერას გავაგრძელებთ“, – აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ