ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ევროკომისიის განხილვის ქვეშ მოქცეულიყო, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, 2 წლის წინ საქართველოს მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მივანიჭეთ. ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ევროკომისიის განხილვის ქვეშ მოქცეულიყო.
„ჩვენ გვაქვს ევროკავშირში გაწევრიანების ძალიან მკაფიო პროცესი ძალიან მკაფიო პირობები. თავიდან ეს იყო 12 ნაბიჯი, ახლა ეს არის 9 ნაბიჯი. ველოდებით, რომ საქართველოს მთავრობა საჭირო რეფორმებს განახორციელებს. ერთ-ერთი ამ მოთხოვნებისგან იყო არჩევნები, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. სამწუხაროდ, გვქონდა ბევრი დარღვევა, რომელიც შეუთავსებელია იმ ქვეყანასთან, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს“, – აღნიშნა ელჩმა.
ჟურნალისტების რეპლიკაზე, რომ საქართველოს მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერების მიზეზად ევროკავშირის მხრიდან შანტაჟი დაასახელა, მათ შორის ევროპარლამენტში მიღებული რეზოლუციებით, ელჩმა უპასუხა:
„ევროპარლამენტს შეუძლია თავისუფლად მიიღოს ნებისმიერი რეზოლუცია, რომელიც სურს. ეს რეზოლუციები არასავალდებულოა. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას წყვეტს 27 წევრი სახელმწიფო“.