ვალენტინობის დღესასწაულთან, იგივე სიყვარულის დღესთან დაკავშირებით ბიზნეს კომპანიების მომხმარებლებს არაერთ ახალ სერვისს და ფასდაკლებებს სთავაზობენ. ბაზარზე ერთ-ერთი სიახლე წყვილებისთვის თიხის დამუშავების მასტერკლასია.
ამ სერვისს წყვილებს კომპანია „არტ ლაბი“ სთავაზობს, რომელიც ბაზარზე უკვე რამდენიმე წელია მუშაობს, თუმცა ვალენტინობის დღესასწაულის კვირაში წყვილებისთვის მასტერკლასს პირველად ჩაატარებს.
როგორც „კომერსანტთან“კომპანიის დამფუძნებელმა ალექსანდრა გამსახურდიამ განაცხადა, მასტერკლასის ხანგრძლივობა 1,5-იდან 2 სთ-მდეა, წყვილებს კი შეეძლებათ ამ დროში შექმნილი ნამუშევარი თავისთვის, სამახსოვროდ დაიტოვონ. რაც შეეხება ფასს, შესაბამისი ვაუჩერის შეძენის პირობით, მასტერკლასის საფასური წყვილისთვის 35 ლარი იქნება.
„სერვისის შექმნის იდეა წამოვიდა ჩემი შვილისგან. მისგან და მისი მეგობრებისგან ხშირად მესმის, რომ არ არსებობს ადგილები, სადაც წყვილები ერთად წავლენ და დროს საინტერესოდ გაატარებენ.
ვფიქრობ, ეს პროცესი ძალიან სახალისო იქნება, ამავდროულად, აქვს თერაპიული და რომანტიკული დატვირთვა. ნამუშევრები კი წყვილებს საჩუქრად გადაეცემათ.
ვაუჩერების გაყიდვები აქტიურად მიმდინარეობს, უკვე გვაქვს ჯავშნები 14 თებერვლამდეც და მანამდეც. დაინტერესება ძირითადად ახალგაზრდების მხრიდან მოდის. ამ ეტაპზე ჩვენს ფეისბუკ გვერდს ტექნიკური პრობლემა აქვს და სარეკლამო აქტივობას 2 კომპანიის მეშვეობით ვატარებთ, რომლებიც ვაუჩერების გაყიდვებზე მუშაობენ. დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, ველოდებით ჯავშნების რაოდენობის ზრდას“, – აღნიშნა ალექსანდრა გამსახურდიამ.
