იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, როლანდ პრაისს შეხვდა – ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
„შეხვედრაზე განიხილეს იუსტიციის სამინისტროს სსიპ “საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს” და მსოფლიო ბანკის მრავალწლიანი პარტნიორობის საკითხები, მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.
საუბარი შეეხო რეფორმებს ციფრული მმართველობისა და მიწის რეგისტრაციის მიმართულებით. მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა პოზიტიურად შეაფასა საქართველოში განხორციელებული რეფორმები და სააგენტოს მიერ დაგროვილი გამოცდილება, რაც მნიშვნელოვანი საფუძველია არსებული ცოდნის სხვა ქვეყნებთან გასაზიარებლად.
აღინიშნა, რომ მოსახლეობის ინტერესებზე ორიენტირებული NSDI გეოპორტალის, „გონიერი კონტრაქტის“ და მიწის სისტემური რეგისტრაციის ინოვაციური ელექტრონული სერვისების ეფექტურობა და სანდოობა, ქვეყნის მიერ აღებული სასესხო ვალდებულების მთავრობის მიერ ეფექტიანი გამოყენების და განხორციელებული ინვესტიციის შედეგიანობის ნათელი მაგალითია.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძე და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მსოფლიო ბანკის ერთობლივი პროექტის მენეჯერი ელენე გრიგოლია“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
