პაატა სალია ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა – რა საკითხები განიხილეს?

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა – ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე, იუსტიციის მინისტრმა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სააგენტოების ხელმძღვანელებმა კერძო სექტორის წარმომადგენლებს გააცნეს იუსტიციის სამინისტროს ის ინოვაციური სერვისები, რომლებიც ბიზნესის მხარდაჭერასა და განვითარებას ისახავს მიზნად, მათ შორის “ბიზნესასისტენტი“, “გონიერი კონტრაქტი”, აღსრულების სერვისები, სანოტარო მედიაცია, ელექტრონული საფულე და სხვა.
შეხვედრაზე გამართული დისკუსიის ფარგლებში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსაც“ – ნათქვამია ინფორმაციაში.