ღარიბაშვილი 2014 წელს ამბობდა, ოპოზიცია გამქრალია რადარებიდან, დავასრულებთო და 2024 წელს იმავეს ამბობს. ჩიპი მაინც შეუცვალეთ ამ კაცს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებაში“ „ერთმანეთს ამხნევებენ, ბიძინა მოვიდა და გადავრჩებითო“.
„ძალიან მძიმე დღეში არიან, ერთმანეთს უმტკიცებენ „ქართულ ოცნებაში“, 60 პროცენტი გვაქვსო. არც ერთ კვლევაში, რომელიც მეტ-ნაკლებად ავტორიტეტულია, ასეთი რამ არ ჩანს. მარგველაშვილის არჩევის მერე არ უჩვენებია „ქართულ ოცნებას“ 60 პროცენტი, მარგველაშვილსაც კი არ აუღია 60 პროცენტი. მაშინ, როცა ყველგან ივანიშვილი იყო და სულიერი რწმენის რანგში ჰყავდათ აყვანილი, მაშინ არ მიუღია ამხელა მხარდაჭერა „ქართულ ოცნებას“. ახლა ყველამ ვიცით, რაც არის „ქართული ოცნება“, ხალხმა ვერაფერი ხეირი და სარგებელი მისგან ვერ ნახა, რომ შევხვდებით ქუჩაში მთავარი კითხვა არის, როდის მოშორდებიან აქედან. ოპოზიციის გეგმა არის, ხალხის პრობლემებზე მეტად ორიენტირებული კამპანია, მეტი სიახლოვე ადამიანთან, კაბინეტიდან და პარკეტიდან არჩევნებს ვერ მოიგებ, ამას სჭირდება ხალხთან კომუნიკაცია. ჩვენ ეს პროცესი დაწყებული გვაქვს და დარწმუნებულო ვარ, სხვა ოპოზიციური პარტიებიც აგვიწყობენ ფეხს ამ პროცესში,“ – განაცხადა მანჯგალაძემ.
ინფორმაციისთვის, პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის განაცხადებით, დღეს რომ არჩევნები იყოს, „ქართული ოცნება“ სულ მცირე 60%-ს აიღებდა. პრემიერმა ოპოზიციას “ხელმოცარული” უწოდა და განაცხადა, რომ მათი “უსუსური მცდელობაა” , რაღაც ახალი შესთავაზონ მოსახლეობას, რაც სიცრუეა, ხოლო ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს, ვის რა წარსული აქვს.