პაატა მანჯგალაძე ჩრდილოვან კაბინეტზე – ეს „სიცრუის ფაბრიკის“ გავრცელებული ცრუ ინფორმაციაა – ოპოზიციას არ აქვს ის დღის წესრიგი, არჩევნებამდე 7-8 თვით ადრე თანამდებობების განაწილებაზე იფიქროს

ეს არის „სიცრუის ფაბრიკის“ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია. ოპოზიციას არ აქვს ის დღის წესრიგი, რომ არჩევნებამდე 7-8 თვით ადრე თანამდებობების განაწილებაზე იფიქროს, – ასე უპასუხა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა მ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ ოპოზიციის მიერ ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.
გარდა ამისა, მისივე თქმით, ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციას დადებითი მოლოდინი არ აქვს და მათი ერთადერთი სურვილია, პრემიერ-მინისტრმა „არაფერი გააფუჭოს“.
„რას არ იზამს ივანიშვილი და მისი პარტია, ოღონდ ხალხმა არ დასვას კითხვები, თუ რა გააკეთეს 12 წლის განმავლობაში. რატომ არის სიღარიბე, რატომ შიმშილობენ ბავშვები, რატომ გარბიან მოქალაქეები საქართველოდან – ამ საკითხებისგან თავის ასარიდებლად „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს. ეს (ოპოზიციის მიერ ჩრდილოვანი კაბინეტის დაგეგმვა) არის „სიცრუის ფაბრიკის“ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია. ოპოზიციას არ აქვს ის დღის წესრიგი, რომ არჩევნებამდე 7-8 თვით ადრე თანამდებობების განაწილებაზე იფიქროს. რომელ თანამდებობაზე ვინ იქნება, ამას ხალხი წყვეტს. ჩვენი ამოცანაა, როგორმე „ქართული ოცნება“ ვაიძულოთ, რომ ქვეყანაში არაფერი გააფუჭოს. როცა ბრიუსელში მიდის და გვეკითხებიან, ველოდებით თუ არა რაიმე პოზიტივს, პასუხია – არა, მთავარია არაფერი გააფუჭოს.
ერთი რამ შემიძლია ვთქვა, თუნდაც ცრუ ოპოზიციური სამთავრობო კოალიციები დაასახელონ, ის მაინც აჯობებს იმას, რაც ივანიშვილს აქვს. იქ პატიოსანი, დამოუკიდებელი, თავის ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანები იქნებიან. „ქართული ოცნება“ მხოლოდ ივანიშვილის მოჯამაგირეებისგან, დაქირავებული ხალხისგან შედგება.
დღეს ამ სისულელით ეთერი შეავსეს და მეც იძულებული ვარ, ამ სისულელეზე გავაკეთო კომენტარი“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
გარდა ამისა, როგორც მან აღნიშნა, ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის ევროკავშირი პრიორიტეტი არ არის, რადგან პარლამენტში მათ საარჩევნო კოდექსის ისეთ ცვლილებებს დაუჭირა მხარი, რომლებიც ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება.
„ამ ხელისუფლებისთვის ევროკავშირი პრიორიტეტი რომ იყოს, დღეს პარლამენტში მესამე მოსმენით საარჩევნო კოდექსის ცვლილებებს არ მოიწონებდნენ, რადგან ისინი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს პირდაპირ ეწინააღმდეგება. ჩვენ 9 ახალი პირობა გვაქვს, სადაც პირდაპირ წერია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები მიუკერძოებლად უნდა ავირჩიოთ. ჩვენ დღეს ისეთ რაღაცებზე ვლაპარაკობთ, რაც შევარდნაძესაც არ უკადრია“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – მომავალმა კოალიციურმა დემოკრატიულმა ხელისუფლებამ უნდა იყუროს მხოლოდ წინ, არ იქნება არანაირი პოლიტიკური შურისძიება, დამთავრდება ამ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება

სოფო ჯაფარიძე – მჯერა, რომ 26 ოქტომბერი არ იქნება მხოლოდ ჩვენი გამარჯვება არჩევნებში – ეს იქნება ჩვენი ქვეყნის შემობრუნება აღმშენებლობისკენ, განვითარებისკენ და ევროპული კეთილდღეობისკენ