შესაძლოა, პრეზიდენტს ჰქონდეს საარჩევნო მიზნები, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს პრეზიდენტთან ერთად საარჩევნო მიზნები – არ ვსაუბრობთ ერთობაზე, ვსაუბრობთ ოპოზიციის კოორდინაციაზე, ვანახოთ ხალხს, რომ ერთად საუბარი შეგვიძლია, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ “ერთობის პლატფორმის” შექმნის თაობაზე პრეზიდენტის მოწოდების შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ ინიციატივას ხედავენ არა როგორც პარტიების გაერთიანებას, არამედ როგორც ევროპული რეკომენდაციებისთვის ერთად მუშაობის პროცესს.
“პრეზიდენტის ინიციატივა საინტერესოა. ყველა ერთ პარტიაში გაერთიანდეს – ასე არ ვხედავთ ამ პროცესს, მითუმეტეს კანონმდებლობითაც ბლოკები გამორიცხულია. ამას ვხედავთ ისე, რომ ეს გამოვიყენოთ ევროპული რეკომენდაციებისთვის ერთად სამუშაოდ და ამ პროცესში ვხედავ არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ ყინულის დაძვრისკენ საკითხებს, რომ ოპოზიციამ ორ მთავარ საკითხზე – ხელისუფლების ცვლილება და ევროპაში ინტეგრაცია, შეთანხმებას მივაღწიოთ. ამის სივრცეს ეს იძლევა, მაგრამ ეს არ გამოვა თუ პრეზიდენტი არ გაუწევს ანგარიშს რეალობას, რომელიც შექმნილია. პრეზიდენტი აღიარებს, რომ ქვეყანაში არ არის სამართლიანი სასამართლო, ფარცხალაძე არის რუსეთთან დაკავშირებული ადამიანი – მაშინ, მიხეილ სააკაშვილი რატომ ზის ციხეში? ეს არის მთავარი კითხვას, რასაც გუშინ პრეზიდენტმა არ უპასუხა”,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
რაც შეეხება პარლამენტის კომიტეტების ერთობლივ სხდომებზე მინისტრების მოსმენის პროცესს, რომელიც დღესაც გრძელდება, მანჯგალაძე აცხადებს, რომ სამთავრობო პროგრამა, ისევე როგორც მთავრობა, ძველია.
“გუშინ დამრჩა განცდა, რომ სიურეალიზმში ვიყავით – აქეთ ილია ჭავჭავაძის დარბაზი, აქეთ გვეუბნებიან ახალი მთავრობაო. ვხედავ, ყველა ძველია, ვუყურებ სამთავრობო პროგრამას, ძველია, არაფერი ახალი არაა და გვეუბნებიან ახალი მთავრობაა, რატომ არ მოგწონთო. რა გააკეთა “ქართულმა ოცნებამ”, რომ მომეწონოს?! მთავარი ამოცანაა დაჩქარებული წესით ევროპაში ინტეგრაცია. აღწევს ამ მიზანს საგარეო საქმეთა სამინისტრო? არ აღწევს, არაფერს აკეთებს”,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
მანჯგალაძემ ასევე ისაუბრა დღეს ფრაქციების ფორმატში მთავრობის შემადგენლობის დაგეგმილ მოსმენაზე და აღნიშნა, რომ “სტრატეგია აღმაშენებელი” სხდომას დაესწრება.
“ყველა ფრაქცია და პოლიტიკური ჯგუფი ხვდება ერთად. “ნაციონალურ მოძრაობას”, ჩვენ – არა, ჰქონდა სურვილი, რომ მას როგორც ფრაქციას, კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით ესარგებლა და ცალკე შეხვედროდა კობახიძე და მთავრობა, რაზეც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა და “ქართულმა ოცნებამ” უარი თქვა. არაუშავს, კითხვას, რომლებიც მოქალაქეებმა დაგვაბარეს, დავუსვამთ”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.