ტერიტორიების დაბრუნებაზე რომ ლაპარაკობთ, ისტორია არ იცით ხალხო? თქვენ რას დათმობთ იმაზე მეტს, რაც შევარდნაძემ დაუთმო რუსებს, მინისტრები დაუნიშნა, დსთ-ში შევიდა და ერთი სანტიმეტრით წინ არ წაწეულა ტერიტორიულ მთლიანობის გზაზე, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
როგორც მანჯგალაძე აღნიშნავს, უმრავლესობიდან ერთი ადამიანიც კი არ აღმოჩნდა, ვინც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მხარდაჭერაზე უარს იტყოდა.
„მესმის, მაღალი ემოციური ფონია, მიუხედავად ღიმილისა და ტაშის კვრისა, რასაც ახლა უმრავლესობა აკეთებს, თითქოს, არაფრის ეშინიათ და ძალიან კარგად გრძნობენ თავს, ვგრძნობ, რომ ეს ყველაფერი ადვილი არ არის. სენტიმენტებით საუბარი არ მახასიათებს, მაგრამ მართლა მთელი ღამე არ მიძინია, რა უნდა იყოს, როგორ უნდა გაგრძელდეს, საქართველო თუ მეგობრების და პარტნიორების გარეშე იქნება, რისკები იზრდება, ამ საფრთხეებს მართლა ვაცნობიერებ. მინდოდა, რაღაც კიდევ ერთხელ, თუ საღი აზრის ლოგიკა არსებობდა, მესაუბრა ამაზე. დილით 8 საათზე მოვედი მართლა და ვფიქრობდი, ვინმე ხომ არ გამოჩნდა „ქართული ოცნებიდან“, ვინც იტყვის, რომ ამას არ გავაკეთებ, არ ვიამაყებთ იმით, რომ ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წავალთ, საქართველოს თავისუფლების წინააღმდეგ წავალთ და ამით არ ვიამაყებთო. სამწუხაროდ, ასეთი ერთი ადამიანიც არ აღმოჩნდა უმრავლესობაში. ახალგაზრდა მწერლის, დათო გორგილაძის ძალიან სწორი შეფასება ვნახე, რომელიც ზუსტად გამოხატავდა იმ განწყობას, რაც საქართველოს ჰქონდა – „ბიბლიური ელფერის ღამე იყო, ქრისტემაც იცოდა რომ ერთი მათგანი გასცემდა, საქართველომაც იცის, რომ 84 ადამიანი უღალატებს“. მე თქვენ ზემოდან არ გელაპარაკებით, არც იქედნურად გელაპარაკებით, ჩემს ადამიანურ განცდას გიზიარებთ და ეს იქნება ბოლო შემთხვევა, რადგან თქვენთან ამაზე ლაპარაკსაც აზრი არ აქვს. თუ თქვენ თავისუფალი გადაწყვეტილების ნება დაგრჩათ, საქართველო ამასაც მოგიტევებთ, რადგან საქართველო მართლა ქრისტიანული ქვეყანაა და ქართველ ხალხს არ ახასიათებს წყენა და თუნდაც, ღალატი დიდ ხანს დაიმახსოვროს. თუ გზა არსებობს, კიდევ ერთხელ გეუბნებით, გადახედეთ ამ თქვენს გადაწყვეტილებას და გაიტანეთ ეს კანონი, ან საერთოდ უარი თქვით ვეტოს დაძლევაზე, ეს არის ყველაზე გონივრული არჩევანი და გამოსავალი ამ სიტუაციაში“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
მისივე განმარტებით, მმართველმა გუნდმა რეალობას თვალი უნდა გაუსწოროს, რადგან ისინი ევროპისა და ამერიკისგან მომდინარე საფრთხეებზე საუბრობენ.
„თქვენი აღქმები არასწორ წარმოდგენებზეა დაფუძნებული. მაგალითად, 200 წელია საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა – პატრიოტიზმი დაკავშირებულია რუსეთისგან საქართველოს თავისუფლებასთან. თქვენი პატრიოტიზმი, რა მოიგონეთ ეს, რა უბედურება მოიგონეთ, რომ დასავლეთისგან უნდა დავიცვათ თურმე საქართველო. ეს საიდან მოიგონეთ, ვის მოაფიქრდა? 20% ტერიტორია ოკუპირებულია, თქვენ ამერიკისგან და ევროპისგან მომდინარე საფრთხეებზე საუბრობთ, ხალხნო, სადამდე მიხვედით, რეალობას თვალი გაუსწორეთ!
სუვერენიტეტს ვიცავთო, რა სუვერენიტეტს იცავთ, ხალხნო, ამერიკა 25 000 კილომეტრს იქითაა, სუვერენიტეტის მთავარი საფრთხე რუსეთია. ტერიტორიულ დაბრუნებაზე რომ ლაპარაკობთ, ისტორია არ იცით ხალხო? თქვენ რას დათმობთ იმაზე მეტს, რაც შევარდნაძემ დაუთმო რუსებს, მინისტრები დაუნიშნა, დსთ-ში შევიდა და ერთი სანტიმეტრით წინ არ წაწეულა ტერიტორიულ მთლიანობის გზაზე. პირიქით, დაგცინათ, კობახიძეს დასცინეს რუსებმაც, სეპარატისტებმაც, გგონიათ, გამიხარდა? – მეწყინა, რომ რანგის ადამიანიც არ გამოჩნდა, საჭიროდ არ ჩათვალეს, რომ თქვენზე ეპასუხათ, ამ დონეზე დაიყვანეთ დღეს საქართველო… ვინ მოიგონა, საიდან მოიტანეთ, რომ დაჩოქილი, მეგობრების გარეშე დარჩენილი საქართველო დაიბრუნებს ტერიტორიებს, და კიდევ არასწორ აღქმებზე გეტყვით, ნიშნის მოგებით არ ვამბობ, ზვიად გამსახურდიას არ ვახსენებდი დღეს, მისი წიგნი 1992 წელს, დევნილობაშია გამოცემული, პირდაპირ ამბობს – „საქართველოს და მთელი კავკასიის დამოუკიდებლობა, უსაფრთხოება დამოკიდებულია თუ რამდენად გადაწყვეტს დასავლეთის ცივილიზებული სამყარო მოიგერიოს რუსეთის აგრესია, საქართველოს უსაფრთხოება დაკავშირებულია დასავლეთის რეაქციაზე“. ხალხო, რაზე ლაპარაკობთ, მართლა მაინტერესებს, რისი დამცველები ხართ დასავლური რეაქციის გარეშე, ვერ შევძლებთ, მიუხედავად იმისა, ყველა რომ დავდგეთ, რა თქმა უნდა, კბილებით დავიცვათ საქართველოს, დასავლეთის გარეშე საქართველოს დატოვება დიახაც, ღალატია.
კიდევ ერთხელ ვამბობ, ღმერთმა ნუ გამომაცდევინოს ახლა თქვენ რასაც გრძნობთ და ნურავინ ნუ დამაყენოს ამ განსაცდელის წინაშე, რომ საკუთარი ხალხის და საკუთარი ქვეყნის წინაშე მეოთხედ უნდა მისცეთ ხმა, არავის ვურჩევ და თქვენც არ გირჩევთ, ამ მდგომარეობაში ჩაიგდოთ თავი, გზა კიდევ არის – არ დაძლიოთ ვეტო“, – განაცხადა მანჯგალაძემ.