საქართველოს დადანაშაულების ნებისმიერი მცდელობა, რა პოლიტიკური საფუძველიც არ უნდა იდგეს ამის უკან, არის პოლიტიკური ნაძირლობა, რომელიც ქვეყანაში არასდროს არ უნდა განმეორდეს, – ასე გამოეხმაურა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მაჯგალაძე “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ “26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები”.
მისივე თქმით, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ცდილობენ, რომ 2008 წლის ომში საქართველო დაადანაშაულონ.
“პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ სამშობლოს სიყვარულის და თავისუფლების გამო ბოდიშს მოღალატეები და ნაძირლები იხდიან. საქართველოს დადანაშაულების ნებისმიერი მცდელობა, რა პოლიტიკური საფუძველიც არ უნდა იდგეს ამის უკან, (ვგულისხმობ, “ქართულ ოცნებას”) არის პოლიტიკური ნაძირლობა, რომელიც ქვეყანაში არასდროს არ უნდა განმეორდეს. ისინი ცდილობენ საქართველო დაადანაშაულონ. მოდით, კითხვა დავსვათ – დარჩა რაიმე ისეთი გზავნილი, რომელიც რუსეთმა, პუტინმა თქვა და “ქართული ოცნება” იგივეს საქართველოში არ იმეორებს?!
კარგია სპორტზე ქომაგობა, ჩვენს ღირსეულ ჩემპიონს დვალიშვილს მეც ვულოცავ გამარჯვებას, მაგრამ ყველა სპორტული წარმატება დაკარგავს წარმატებას, თუ ჩვენ თავისუფალი, ევროპული საქართველო არ გვექნება”, – განაცხადა მანჯგალაძემ.
გარდა ამისა, მანჯგალაძე მოძრაობა “დაფიონის” დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მოძრაობის მიერ დღეს 19:00 საათზე დაგეგმილ აქციაზე მივა.
“პირადად მე აუცილებლად მივალ [აქციაზე]. ეს პოლიტიკური აქცია არ არის. საქართველოზე, მის თავისუფლებაზე უფრო ძვირფასი ჩემთვის არაფერი არ არსებობს, შესაბამისად, მე როგორც ერთი ადამიანი აუცილებლად მივალ, ასეთ აქციებზე”, – აღნიშნა მანჯგალაძემ.