პაატა მანჯგალაძე – პროცესში, რომელიც იმიტაციას ემსახურება, ჩემს თავს ვერ ვხედავ, მაგრამ თუ საერთო ოპოზიციური შეთანხმება იქნება „ქართულ ოცნებასთან“ კი არა, მგელთან შევალ ბუნაგში

შემხვედრი წინადადება მაქვს „ქართული ოცნებისთვის“, თუ გადმოდგამენ ნაბიჯს და ჩვენი ინიციატივების განხილვას დაიწყებენ, ვიფიქრებ, ვიმუშაო სამუშაო ჯგუფში – პროცესში, რომელიც ემსახურება იმიტაციას, ჩემს თავს ვერ ვხედავ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა მ ჟურნალისტებთან 9 დათქმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფებში მუშაობის საკითხის კომენტირებისას აღნიშნა.
როგორც მანჯგალაძემ განაცხადა, საკითხთან დაკავშირებით პოზიცია ჯერ არ შეუჯერებია პარტიაში და სხვა ოპოზიციონერ კოლეგებთან, ამიტომ თუ საერთო ოპოზიციური შეთანხმება იქნება სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას არ გამორიცხავს, თუმცა, მოლოდინი არ აქვს, რომ „ქართული ოცნება“ 9 პირობას შეასრულებს.
„18-მა თვემ გვანახა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ იმიტაციას მოახმარა ის 9 სამუშაო ჯგუფი, ერთი ინიციატივაც კი არ არსებობს, სადაც ოპოზიციასთან ან არასამთავრობო სექტორთან შეთანხმებით რაიმე კომპრომისი გააკეთა. შემხვედრი წინადადება მაქვს „ქართული ოცნებისთვის“, ჩვენ ინიცირებული გვაქვს 6 კანონპროექტი რეკომენდაციების შესრულებაზე, თუ გადმოდგამენ ნაბიჯს, განხილვას დაიწყებენ, სიამოვნებით ვიფიქრებ, ვიმუშაო სამუშაო ჯგუფში. მანამდე პროცესში, რომელიც ემსახურება იმიტაციას და ხალხის შეცდომაში შეყვანას, მე პირადად ჩემს თავს ვერ ვხედავ, მაგრამ თუ საერთო ოპოზიციური შეთანხმება იქნება და მეტყვიან, რომ აუცილებელია ამის გაკეთება, „ქართულ ოცნებასთან“ კი არა, მგელთან შევალ ბუნაგში, თუ საქართველოს დასჭირდა“, – განაცხადა მანჯგალაძემ.