საუბარი იმის შესახებ, რომ ჟურნალისტმა პოლიციელს ხელი გაარტყა და სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს, ამ დროს კი არცერთი საქმე არ არის აღძრული მოძალადე პოლიციელებზე, რომლებიც სისტემურად, ათი დღის მანძილზე არბევდნენ ადამიანებს, წარმოუდგენელია, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტიკურ სივრცეში” “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მანჯგალაძის თქმით, ბათუმში პოლიციელები გამომწვევად იქცეოდნენ და შემდეგ აქციის მონაწილეებს უმიზეზოდ აკავებდნენ.
“საუბარი იმის შესახებ, რომ ჟურნალისტმა პოლიციელს ხელი გაარტყა და ის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს, ამ დროს კი არცერთი საქმე არ არის აღძრული მოძალადე პოლიციელებზე, რომლებიც სისტემურად, ათი დღის მანძილზე არბევდნენ ადამიანებს, წარმოუდგენელია.
მე ბათუმში ვიყავი მეორე დღეს, ვერ გავჩერდი და რაც ვნახე, პოლიციელები სპეციალურად იქცეოდნენ გამომწვევად. არ აქვს მნიშვნელობა, ცნობილი სახე ხარ თუ არა, გზა გადაკეტე თუ არა, მივარდებოდნენ და მიჰყავდათ ყველა, ამ მომენტს მე თვითონ შევესწარი. ჩვენ არ უნდა მივეჩვიოთ ამას და არ უნდა ჩავთვალოთ, რომ მერე რა, ეს ასე იქცევა. ადამიანს ახასიათებს რაღაცასთან შეგუება, რაღაცის მიჩვევა. ეს არის წითელი ხაზი, ამის გატარება არ შეიძლება.
“ქართული ოცნება” როგორც კი დაინახავს, რომ აქციაზე იმდენი ხალხი არაა, როგორც პიკის დროს, ეგრევე გადმოდის ხოლმე იერიშზე. ამ სისტემურ ძალადობას სისტემური პროტესტი სჭირდება, ბევრი კერა უნდა იყოს და ორგანიზებულად უნდა მიდიოდეს ყველაფერი. არ შევიქმნათ ილუზია, რომ ამ რეჟიმს ახლა გადავტეხთ, ამას სჭირდება მთელი ერის ერთად დგომა. თუ რეჟიმმა ჩათვალა, რომ რაღაც არ არის ისე, ყველას სახლში მოგვაკითხავენ და ყველას გაგვისწორდებიან, საქართველო გადასარჩენია, ყველამ ყველაფერი გვერდზე უნდა გადავდოთ, სამსახური არის რუსთაველზე და ბევრ ქალაქში და ჩვენი წილი ქვეყანა უნდა დავიცვათ ყველამ ერთად”, – განაცხადა მანჯგალაძემ.
მანჯგალაძის აზრით, პროტესტი მშვიდობიან ფარგლებში, მაგრამ დათმობების გარეშე უნდა გაგრძელდეს.
“ისეთ ფაზაში შევიდა ეს ბრძოლა, მგონი, აქ პროფესიებს უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, ფორმალური ხასიათის გახდა პროფესია – ექიმი ხარ, თეატრის მსახიობი, მძღოლი თუ პოლიტიკოსი, ყველა იქ ვდგავართ ამ სტატუსის მიუხედავად და ყველა ვცდილობთ, რომ დავიცვათ ჩვენი წილი საქართველო.
მე ველაპარაკე რამდენიმე დღის წინ ეროვნული მოძრაობის დროსაც, 9 აპრილის შემდეგ უწყვეტი აქციები რომ იყო, ის ხალხიც იყო გამოსული აქ და ისინიც ამბობენ, რომ ამდენი ხანი მიმდინარე პროტესტი ისტორიას არ ახსოვს. რომ მეკითხებიან, რა უნდა იყოს მაგალითი, ამაზე კარგი მაგალითი, რაც ჩვენი თვალით ვნახეთ, ის, რომ ერთად ვდგავართ, ეს უნდა გაგრძელდეს. ამის გამოხატულებაა ის, რომ ჩვენი მეგობრები, საერთაშორისო პარტნიორები ამ ყველაფერს ხედავენ და ამას მოჰყვება რეაქცია. პროტესტი რომ ერთი კვირის ან ოცი დღის თავზე შეწყვეტილიყო, ეს ამბები ხომ არ მოჰყვებოდა? ამან არ უნდა მიიღოს საღლაბუცო სახე, თითქოს რაღაც კარგი ხდება. არ გვაქვს ის მდგომარეობა, რომ სახუმაროდ იყოს საქმე, მართლა მძიმე ვითარებაა და ამ მძიმე ვითარებასაც გაბედული გადაწყვეტილებები სჭირდება. ვრჩებით მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში, მაგრამ არაფრის დათმობას არ ვაპირებთ”, – განაცხადა მანჯგალაძემ.