„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, საზოგადოებაში გაბნეულია ბრაზი, ამიტომ მისი აკუმულირებისა და მიზნისკენ მიმართვისთვის საზოგადოებაში აქტიური ადამიანების რეესტრის შექმნაა საჭირო.
ამის შესახებ მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ოპოზიციურ პარტიების წარმომადგენლების შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.
„ავხსნი, რასაც პაატა ბურჭულაძე საუბრობდა. ამ პროტესტმა დაანახა, რომ საზოგადოებაში ბრაზი არის გაბნეული. ის , რომ ახლა 3 000 ადამიანი გამოდის, არ ნიშნავს იმას, რომ 200 000 ადამიანი, რომელიც გამოდიოდა არ თანაუგრძნობს ამას. საუბარი იყო იმაზე, რომ ამ „გაბნეულ პროტესტს“ რაღაც მიზანი მივცეთ და ამის კარგი საშუალება იქნება თუ თქვენ შეძლებთ საზოგადოებასთან ერთად რაღაც ისეთის შეთავაზებას …
ერთ-ერთი ქმედება, რაც განხილული იყო არის, რომ მარტო თბილისში არ არის ნეგატიური მუხტი და ბრაზი, რეგიონებშიც არის, ამის აკუმულაცია მათ შორის, რეგიონებშიც გავაკეთოთ. ხალხი, ვინც მზად არის აქტიური ბრძოლისთვის რეესტრი გავაჩინოთ, რომ კონკრეტულ დღეს შევძლოთ ამ ხალხის კონკრეტულ აქციაზე მოხმობა. საქართველოს ვისაც აინტერესებს, იმ ხალხის გაერთიანება და კონკრეტულ დღეს, კონკრეტული პროტესტის დაფიქსირება შევძლოთ“,- განაცხადა მანჯგალაძემ.
ამავე კონტექსტში საუბრისას მანჯგალაძემ განაცხადა, რომ პროტესტი გარდა თბილისისა რეგიონებშიც არსებობს, ამიტომ როდესაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, პარტიების ლიდერები ერთად ჩადიან რეგიონში, უფრო მეტი დამაჯერებლობა აქვს.
მისივე თქმით,როდესაც ოპოზიცია ერთად დგას, უფრო ძლიერია.
„შეხვედრაზე დაისვა კითხვა – რა არის ისეთი, რასაც პარტიები ცალ-ცალკე ვერ გავაკეთებთ და აქტიურ ადამიანებთან ერთად უფრო მეტს მივაღწევთ? ასეთმა პასუხმა გაიჟღერა: როდესაც ცალკე ვსაუბრობთ საუბარია პარტიულ დღის წესრიგზე, მაგრამ როდესაც საზოგადოება, პარტიები, ლიდერები და ყველა არის გაერთიანებული უფრო მეტი დამაჯერებლობა აქვს, როდესაც რეგიონში ჩადიხარ. მეც ამ არგუმენტს ვიზიარებ, როდესაც ერთად ვართ, უფრო ძლიერები ვართ. არა კონკრეტული პარტიის ნომრის ქვეშ გაერთიანება, არამედ იდეის გარშემო ერთად დგომას ვგულისხმობ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
