კახი, როცა პატარა გოგო-ბიჭებს ქუჩაში დაქირავებულ „ტიტუშკებს“ მიუქსევ, მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ გაძეხი და მესამე ვადით გინდა თბილისის მერად გამოცხადება, ეს პოლიტიკა კი არა, პოლიტიკური გახრწნა და ფსკერია,-ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ თბილისის მერს, კახა კალაძეს.
როგორც მანჯგალაძემ განაცხადა, საზოგადოებამ 4 ოქტომბერს „რუსთაველის გამზირზე ივანიშვილის რეჟიმს განკითხვის დღე ერთად უნდა მოუწყოს“.
„საქართველოში დღეს ხელისუფლება არ არსებობს, არის რაღაც გაუგებარი კრიმინალური კარტელი, რომელიც ქვეყანას ძარცვავს და ხალხის წინააღმდეგ ღია, დაუფარავ ომს აწარმოებს. ამ ყველაფრის ერთ-ერთი სახე არის კალაძე, ადამიანი, რომელმაც სკამისა და ფულის გამო, ყველაფერზე ხელის მოწერით, საბოლოოდ, პოლიტიკურად დაიმახინჯა თავი. კახი, როცა პატარა გოგო-ბიჭებს ქუჩაში დაქირავებულ „ტიტუშკებს“ მიუქსევ, მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ გაძეხი და მესამე ვადით გინდა თბილისის მერად გამოცხადება, ეს პოლიტიკა კი არა, პოლიტიკური გახრწნა და ფსკერია. როცა ქალებს აგინებთ და ახალისებთ მათზე ძალადობას, მოქალაქეებს დასცინით, შენი რეჟიმის მიერ გაძარცულ და გაღარიბებულ ხალხს ფერარით “ემარიაჟები” და ეს „მაგარი ბიჭობა“ გგონია, შენი საქმე წასულია, ვინც არ უნდა იყო და რადაც არ უნდა მოგქონდეს თავი! აქ ყველასთვის ყველაფერი ნათელია: საქმე აღარ ეხება პარტიებს ან არჩევნებს, საქმე ეხება ღირსებასა და სირცხვილს შორის არჩევანს. ვინც ჩუმად დარჩება, რეჟიმს ემსახურება სირცხვილში. ვინც ქუჩაში გამოვა, საქართველოსა და თავისუფლებას, ღირსებას იცავს. შუაში არჩევანი აღარ არსებობს. ამიტომ, 4 ოქტომბერს რუსთაველზე ივანიშვილის რეჟიმს განკითხვის დღე ერთად მოვუწყოთ“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
შეგახსენებთ, გუშინ, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ხმაური და დაპირისპირება იყო. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ფიზიკური დაპირისპირებისას აქციის 10-ზე მეტი მონაწილე დაშავდა, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები.
