პაატა მანჯგალაძე – თუ „ოცნების“ რომელიმე ლიდერი ამას უარყოფს, მზად ვართ, დავსხდეთ დებატებში და ხალხის წინ ავუხსნათ, თუ როგორ მოვიტანთ 14 მილიარდ ევროს

14 მილიარდი ევრო რეალურია, „ოცნება კეტავს“ ამ შესაძლებლობას და ჩვენ 26 ოქტომბერს ხალხთან ერთად გავხსნით მას, რადგან დაჩქარებული წესით დავიწყებთ მოლაპარაკებას, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ ევროკავშირის 14 მილიარდიან დაფინანსებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მანჯგალაძის თქმით, მსგავსი ევროპული დაფინანსება საქართველოში სოციალურ-ეკონომიკურ, ინფრასტრუქტურულ და განათლების სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემებს მოხმარდება.
“ჩვენი დაპირება არის რეალური იმასთან დაკავშირებით, რომ გამარჯვების შემთხვევაში ჩვენ მოვიტანთ 14 მილიარდს. ეს არის რეალური, ეს არის კონკრეტული ევროპული ფონდი. გაწევრიანებამდე განსაზღვრულია 14 მილიარდი ევრო იმისთვის, რათა ქვეყანაში გატარდეს რეფორმები ადმინისტრაციული, ეკონომიკური, სოციალური მიმართულებით.
მესმის „ქართული ოცნების“, მათ არ აქვთ კომპეტენცია ან არც უნდათ, რომ ეს 14 მილიარდი ევრო მოვიდეს საქართველოში. ჩვენ ამ 14 მილიარდ ევროს რეალურად მოვიტანთ. ასევე, მზად ვართ, დავუსხდეთ დებატებში კალაძეს ან თუნდაც პაპუაშვილს ან სხვას, რომელიც ამბობს, რომ ეს არ შეიძლება. მზად ვართ. ხალხის წინაშე ავხსნათ, როგორ მოვიტანთ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ 14 მილიარდს საქართველოში ზუსტად იმ პრობლემების მოგვარებისთვის, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს აქვთ: დასაქმებისთვის, განათლების სისტემისთვის, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. ეს რომ რეალურია ყველამ იცის. მაგალითად, სამტრედია-გრიგოლეთის გზა დღეს შენდება სწორედ ევროპული ფონდებით. ეს გზა გაიარა ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და ისინი რომ დღეს განვითარებული ქვეყნები არიან, განაპირობა სწორედ მსგავსმა ევროპულმა დახმარებებმა და ფონდებმა.
„ოცნება“ „კეტავს“ ამ შესაძლებლობას და ჩვენ 26 ოქტომბერს ხალხთან ერთად გავხსნით ამ შესაძლებლობას, რადგან დაჩქარებული წესით დავიწყებთ მოლაპარაკებას და ამ პროცესს მოჰყვება 14 მილიარდიან ფონდზე საქართველოს დაუყოვნებლივი წვდომა. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ “ოცნების” რომელიმე ლიდერი ამას უარყოფს, ჩვენ მზად ვართ, მათთან დავსხდეთ დებატებში და ხალხის წინ ავხსნათ თითოეული ევრო-ცენტის მიხედვით, თუ როგორ მოვიტანთ საქართველოში 14 მილიარდ ევროს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ